50 წელს გადაცილებული, ქრონიკული დაავადებების არმქონე პირებისთვის ბუსტერ დოზაზე რეგისტრაცია და ვაქცინა ჯერ არ დაწყებულა.
როგოც ვაქცინაციის ცხელ ხაზზე 1522-ზე განმარტავენ, შესაბამისი დადგენილება ჯერ არ მიუღიათ. ამასთან, მათივე თქმით, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს აცრის გაკეთება რეგისტრაციის გარეშე, ადგილზე მისვლითაც შეუძლიათ.
ბუსტერ დოზის გაკეთების პირობების შესახებ „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილებები უკვე შევიდა. დოკუმენტში საუბარია 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირებზე, 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებსა და ამავე ასაკის იმ ბავშვებზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ვაქცინაციის ჩატარება ესაჭიროებათ, ასევე სინოვაკისა ან სინოფარმის ორი დოზით აცრილ პირებზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება და შეუძლიათ დამატებით ჩაუტარდეთ Pfizer–BioNTech ვაქცინის ორი დოზით აცრა. ამ შემთხვევაში მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.
აღნიშნულ კატეგორიებში შემავალმა მოქალაქეებმა, ვაქცინის გაკეთებისთვის, ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგალითად: ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა; ან სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი ან მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა.
ცვლილებების თანახმადვე, პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, შემდგომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში მეორე აცრა ჩაუტარდებათ Pfizer–BioNTech ვაქცინით.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი, „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია დაშვებულია შემდეგი კატეგორიებისთვის:
50 წლის და უფროსი ასაკის პირები; ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მცხოვრები 16 წელზე მეტი ასაკის პირები, მათი მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად); სამედიცინო პერსონალი; 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირები ქრონიკული დაავადებებით. ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერ-დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ.