ნებისმიერი წამლის მიღება, რომელსაც ადამიანი ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ იღებს, ვაქცინაციის პროცესში უნდა შენარჩუნდეს, გაგრძელდეს და არცერთი მათგანის ჯერადობა და არც დოზირება არ უნდა შეიცვალოს. არ აქვს მნიშვნელობა, ესაა ჰორმონალური თუ ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალებები და ენდოკრინოლოგიური თუ რევმატოლოგიური პრობლემების სამკურნალო მედიკამენტი.
ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეს განმარტება მოქალაქეთა იმ ნაწილისთვის გააკეთა, რომლებიც სხვადასხვა, მათ შორის ჰორმონალურ პრეპარატებს იღებენ და აინტერესებთ, ხომ არ უნდა შეწყვიტონ ამ წამლების მიღება ვაქცინაციამდე ან ხომ არ უნდა გადადონ ვაქცინაცია მედიკამენტოზური მკურნალობის დასრულებამდე.
კულუმბეგოვის თქმით, ხშირია კითხვები, ნევროლოგიური პრეპარატების მიღების შემთხვევაში, ვაქცინაციის მომენტისთვის, ხომ არ უნდა შეწყდეს ამ წამლების გამოყენება.
„მართალია, ახლა ცოტა მოიკლო, მაგრამ მაინც ისმის ხოლმე კითხვა, კარდიოლოგიური, წნევის დამწევი პრეპარატების მიღება ხომ არ უნდა შეწყდეს, რადგან იყო მოარული ხმები, რომ თუ ამ წამლებს სვამ, შესაძლოა ვაქცინის რეაქციის განვითარების შემთხვევაში ადრენალინმა არ იმუშაოს. ეს ყველაფერი გაქარწყლებული და უარყოფილია. ყველა მედიკამენტი, თუ მას პაციენტი ქრონიკული დაავადების სამართავად იყენებს, უნდა მიიღოს რეგულარული წესის დაცვით და ვაქცინაცია ჩაიტაროს! ხოლო თუ ადამიანს აქვს მწვავე დაავადება, ვაქცინაცია დროებით გადავადებული უნდა იყოს, მაგალითად თუ სვამს ანტიბიოტიკს. ანტიბიოტიკების მიღების დასრულებიდან მე-2 ან მე-3 დღეს კი შეუძლია ვაქცინის გაკეთება. ეს ეხება ნებისმიერი მწვავე მწვავე სიტუაციის მართვის წამალს, მაგალითად ასთმის გამწვავების პერიოდში გამოსაყენებელ პრეპარატებს,“ – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.