შაქრიანი დიაბეტი ტიპი I-ით დაავადებულ ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისა და სენსორების შესყიდვისთვის აქტიური პროცესი მიმდინარეობს.
ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნული განმარტების გაკეთება უწყებას დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლების აქციისა და მათთან შეხვედრის შემდეგ მოუწია. მშობლების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 14:00 საათზე დაიწყო და მისმა მონაწილეებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო გზაც გადაკეტეს.
პროტესტის მიზეზი ისაა, რომ დიაბეტის მქონე ბავშვებს, ჯანდაცვის სამინისტროს დაპირების მიუხედავად, სიჯიემ სისტემის აპარატები ამ დრომდე არ მიუღიათ. ესაა თანამედროვე სენსორული მოწყობილობები, რომლებიც საშუალებას იძლევა, სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა ჩხვლეტის გარეშე მოხდეს.
2 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მშობლებს დაპირდნენ, რომ ამ აპარატებს მარტის თვეში მიიღებდნენ, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამინისტრომ პირობა არ შეასრულა.
კონკრეტული ვადები, როდის მიიღებენ ბავშვები მოწყობილობებს, ჯანდაცვის სამინისტროს არც დღეს დაუსახელებია. ერთადერთი კონკრეტული სიახლე, რომელიც გაჟღერდა, ისაა, რომ მწარმოებლების მხრიდან წინადადებების მიღების ვადა 2022 წლის 18 მარტამდე განისაზღვრა.
„შესყიდვა ხორციელდება, მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციების და პროცედურების შესაბამისად. უკვე მოხდა ყველა საერთაშორისო მწარმოებელთან დაკავშირება. მწარმოებლების მხრიდან წინადადებების მიღების ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 18 მარტამდე. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მუდამ ღიაა, აღნიშნულ თემაზე, მშობლებს მიაწოდოს ინფორმაცია. დღეს დაინტერესებულ მხარეს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ მელიქიძე შეხვდა. სააგენტოს წარმომადგენლებმა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების მშობლებს შესაბამისი სისტემების შესყიდვის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათი საჭიროებები მოიმინეს. სამინისტრო და სააგენტო აქტიურ მუშაობას აგრძელებს, რათა ტიპი I-ით დაავადებული ბავშვების შესაბამისი სისტემებით უზრუნველყოფა მოხდეს დროულად. „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების“ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არს მარაგი არის და პაციენტთათვის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება არ იქნება,“ -ნათქვამია განცხადებაში.