მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » როდის დაიწყება კლინიკების სელექტიური კონტრაქტირება – პროცესი კოვიდპანდემიის გამო შეჩერებულია

როდის დაიწყება კლინიკების სელექტიური კონტრაქტირება – პროცესი კოვიდპანდემიის გამო შეჩერებულია

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ახალი სერვისებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართვის პროცესი ამ დრომდე არ განახლებულა და შესაბამისი ბაზა კლინიკებისთვის დახურულია. ამის შესახებ  jandacva.ge-ს ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა განუცხადა.

მახარაშვილის თქმით, მისთვის გარკვეულწილად გასაგებია სამინისტროს პოზიცია, რომელიც სელექტიური კონტრაქტირების დასრულებამდე თავს იკავებს ახალი სერვისების დამატებისგან.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის ასოციაციის ინფორმაციით, ჯერ კიდევ პანდემიამდე სპეციალური საიტი, სადაც ახალი მიმწოდებლებისა და სერვისების ატვირთვა ხდებოდა, ჩაიკეტა.

მაია მახარაშვილის განმარტებით, ადრე არსებული პრაქტიკით, ყოველი თვის 15 რიცხვში კლინიკები ტვირთავდნენ ამა თუ იმ სერვისის კოდებს, რის შემდეგაც ამ სერვისის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაცია ხდებოდა.  ახლა საიტი დაკეტილია.

რამდენიმე კვირის წინ მაია მახარაშვილი აღნიშნავდა, რომ ამ შეზღუდვით სამინისტროს სურს სერვისების სეგმენტაცია შეამციროს. აქ იგულისხმება შემდეგი: მაგალითად, ერთი ქირურგი ერთი და იგივე ოპერაციას სხვადასხვა კლინიკაში აკეთებს. სახელმწიფოს კი არ მოსწონს „მორბენალი“ ექიმების  პრაქტიკა და ცდილობს, ეს სეგმენტაცია შეამციროს. თუმცა, მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ეს პაციენტის უფლების შეზღუდვაცაა, რადგან შესაძლოა ადამიანს კონკრეტული სერვისის მიღება კონკრეტულ კლინიკაში სურდეს. დღეს კი მაია მახარაშვილი სამინისტროს მხრიდან კიდევ ერთი არგუმენტის არსებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უწყებას სელექტიური კონტრაქტირების დასრულებამდე ახალი სერვისებისა და კლინიკების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა არასწორად მიაჩნია.

შეგახსენებთ, რომ სელექტიური კონტრაქტირება საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა და პირველ ეტაპზე სამშობიაროებს შეეხო. მისი პრინციპი ასეთია: სელექტიური კონტრაქტირება ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კლინიკის ჩართვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლინიკაში წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე (სერვისების სირთულის მიხედვით). პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდა, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმებოდა, თუმცა ამ დრომდე ეს პრინციპი დამატებით მხოლოდ პირველად სამედიცინო დაწესებულებებს შეეხო.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას მიმდინარე წლის აპრილში.

მისი თქმით, სელექტიური კონტრაქტირება გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებების სიმძლავრის, შესაძლებლობების, ხარისხისა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით შეფასებას. სწორედ აღნიშნული შეფასების მიხედვით, სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

„სელექციის პირველი ეტაპი უკვე წარმატებით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებასთან დაკავშირებით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები და უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი განხორციელება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე თქმით, სამინისტრო ცდილობს სამედიცინო სექტორში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვას და სიჭარბის განტვირთვას. ამ მიზნის განსახორციელებლად კი იგეგმება არა მხოლოდ არსებული დაწესებულებების სელექცია, არამედ ახალი დაწესებულებების ამოქმედების საკითხის რეგულირებასაც.

„სახელმწიფო უნდა გახდეს განმსაზღვრელი, თუ სად, რა მასშტაბის, რა სახის სერვისების მიწოდება არის საჭირო,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, სელექციის უმთავრესი კრიტერიუმებია დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მოწოდებული მომსახურების ხარისხი და მოწოდებული მომსახურების მოცულობა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, კოვიდ-ეპიდემიის გამო, სელექტიური კონტრაქტირების პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისების დამატებას, სამინისტროში რამდენიმე კვირის წინ განმარტეს, რომ „შექმნილია კომისია, რომელიც განიხილავს პროგრამაში ახალი სერვისის/მიმწოდებლის ჩართვის აუცილებლობას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და სხვა საჭიროებების საფუძველზე. პორტალზე ახალი სერვისის რეგისტრაცია ხდება კომისიური გადაწყვეტილებით.“

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …