60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამა უკვე ძალაშია. შესაბამისად, ამ ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ადამიანები, რომლებიც დღეიდა ნ მოყოლებული, მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პირველ კოვიდ-საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ, შეძლებენ აღნიშნული თანხის მიღებას.
ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი განმარტებით, თანხის მიღების მექანიზმი ასეთია: საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს აცრილების ბაზას ყოველი თვის 1 და 15 რიცხვში მიაწვდის. სააგენტო კი, აღნიშნული რიცხვიდან 5 დღის განმავლობაში განახორციელებს 200 ლარის დარიცხვას. თანხა მოქალაქეებს მათ საპენსიო ანგარიშზე დაერიცხებათ.
ამასთან, გოგოძის განმარტებით, რადგან საქართველოში მამაკაცის საპენსიო ასაკი 65 წლიდან იწყება, იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და არ არიან პენსიის მიმღებნი და ამავდროულად არც საბანკო ანგარიში აქვთ, სოციალური მომსახურების სააგენტო ლიბერთი ბანკთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის. ანგარიშის გახსნა ბაზების მიღებიდან, ანუ ყოველი თვის 1 და 15 რიცხვიდან 5 დღის განმავლობაში მოხდება და ეს ადამიანები თანხებს სწორედ ამ 5 დღის ვადაში მიიღებენ. ამისთვის მათ, ყოველი თვის 1 და 15 რიცხვიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ პირადობის მოწმობით უნდა მიმართონ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც მათ უკვე დახვდებათ გახსნილი ანგარიში, საიდანაც თანხის ხელზე გატანას შეძლებენ.
ამასთან, გოგოძის განმარტებით, ეს იქნება სოციალური ანგარიში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს არც ანგარიშის გახსნის, არც თანხის განაღდების და არც სხვა არანაირ სერვისში საკომისიოს გადახდა არ დაეკისრებათ.
მაგალითად, თუ ადამიანი 9 ნოემბერს აიცრა, მის მონაცემებს სააგენტო 15 ნოემბერს მიიღებს. 15 ნოემბრიდან 5 სამუშაო დღეში კი მოქალაქეს უკვე თანხის გამოტანა შეეძლება (მათ კი, ვისაც საპენსიო ანგარიში უკვე აქვს, თანხა ამ ანგარიშზე დაერიცხება).
ლევან გოგოძე აზუსტებს იმასაც, რომ თუ ადამიანი დეკემბრის ბოლო რიცხვებში აიცრება, დანამატს 2022 წლის პირველ დღეებში, გაწერილ ვადებში მიიღებს.
დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვისაც დღემდე არცერთი დოზა ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული და პირველ აცრას ახლა იტარებენ.
შეგახსენებთ: გუშინ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს 60 წელს გადაცილებული თითოეული მოქალაქე, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე პერიოდში ჩაიტარებს.
დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ მოქალაქეები, რომლებიც ერთ აცრას გაიკეთებენ, განსაზღვრულ ვადაში მეორე ვაქცინაციასაც ჩაიტარებენ.