თუ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი არ შემცირდა და მდგომარეობა ასე გაგრძელდება, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა 10 000-დან 15 000-მდე ადამიანს დაკარგავს.
ამის შესახებ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის დირექტორმა, ჰოსპიტალური მართვის საკითხებში ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტმა ზაზა ავალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სურათი გვექნება ნოემბერ-დეკემბერში იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელება ამ ტემპით გაგრძელდა, ზაზა ავალიანმა განაცხადა, რომ როგორც განვლილი გზა აჩვენებს, ამ შემთხვევაში ქვეყანა იმ პიკის მწვერვალზე აღმოჩნდება, რაც პაციენტების დიდ რიცხვს და გაზრდილ სიკვდილობას გულისხმობს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ზაზა ავალიანმა ანტიბიოტიკის შემქმნელი მეცნიერის, ალექსანდერ ფლემინგის სიტყვები გაიხსენა.
„მას მიეწერება სიტყვები – დადგება ჟამი, როდესაც ადამიანთა ავადმყოფობა იქნება ბრალი ამ პაციენტთა გაუნათლებლობის. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ იმ ფაქტის წინაშე ვდგავართ, როცა არანაირი შეგონება და მტკიცებულებებზე დამყარებული არანაირი მოწოდება აღარ ჭრის. ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ უნდობლობას უცხადებს ვაქცინებს, რომლებმაც მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვინდა, ვენდოთ სარწმუნო მტკიცებულებებზე დამყარებულ შედეგებს“, – განაცხადა ავალიანმა.
როგორც ზაზა ავალიანმა განაცხადა, თუ მოვლენები ასე გაგრძელდება, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა 10 000-დან 15 000-მდე ადამიანს დაკარგავს.
ზაზა ავალიანმა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებსაც მიმართა:„როდესაც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის აუცილებლობა დგება, ან ტეტანუსის, როცა მიწით მოსვრილი ჭრილობის შემთხვევაში ვაქცინაცია უნდა ჩავიტაროთ, არ გავიკეთოთ, ესეც ხომ ვაქცინაა. ჩვენ შეიძლება მასაც არ ვენდოთ. მაშინ ნუ გავუკეთებთ ბავშვებს დიფტერიის, წითელას და ყივანახველას აცრებს,“- განაცხადა ავალიანმა.