„ყველაფერი ჩვენს ხელშია“ – ინდივიდუალური გზავნილები სახელმწიფო სტრუქტურებს
რევმატოიდული სრთრიტის მქონე პაცინეტები მკურნალობის ხელმისაწვდომობას ითხოვენ. საინფორმაციო კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ექიმი რევმატოლოგები პაციენტები და მათი მხარდაჭერები შეიკრიბნენ და ერთმანეთს გაუზიარეს ემოციები, პრობლემები თუ რამდენად რთულია დაავადებასთან ერთად ცხოვრება. ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს კიდევ ერთხელ შეახსენეს დაავადების მკურნალობის დაფინანსების აუცილებლობა. ღონისძიება რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის ეგიდით მოეწყო და მიზნად ისახავდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინფორმირებულობას დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ბიოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც პაციენტებს დაეხმარება მეტის გაკეთება შეძლონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
“აუცილებელია, ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ხელეწიფებათ მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზურნველყოფა. ბიოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით ხმა მიაწვდინონ შესაბამის ორგანოებსა და სტრუქტურებს, რომ მის გარეშე დაავადებასთნ ერთად ცხოვრება გაუსაძლისია. სწორედ, ეს მედიკამენტია რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამისთვის აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო პროგრამები, მხარდაჭერა თუნდაც თანადაფინანსების სახით და აშ. იმისთვის რომ ჩვენ, პაციენტებმა შევძლოთ ცხოვრება ტკივილის გარეშე,“ – აღნიშნავს ნინო ჩხეტია. პაციენტი, რომელიც დაავადებასთან ერთად უკვე 20 წელია ცხოვრობს და მდგომარეობა დღითიდღე იცვლება.
“რევმატოიდული ართრიტი და საერთოდ სახსრების დაავადებები ძალიან რთული პრობლემაა, რომელიც გავრცელებულია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. თუ მკურნალობა მიზანმიმართულად არ არის ჩატარებული სავალალო მდგომარეობამდე მივყევართ. ფაქტობრივად, ისინი შეზღუდული შესაძლებლობის პირები ხდებიან. აქედან გამომდინარე, დროულად დაწყებული მკურნალობა ეფექტურ შედეგს იძლევა, დღევანდელი დღე მისასალმებელია, რადგან ყველა თემის აქტუალიზაცია შედეგის და იმედის მომცემია, აქტიურობას და საზოგადოების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე,მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია,სახელმწიფო პასუხისმგებელია და რევმატოიდულ ართრიტის მკურნალობის ხელშეწყობაზე,” – განმარტავს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მაკა იოსელიანი.
ღონისძიების დასასრულს პაციენტებმა თაბაშირით საკუთარი დაზიანებული ხელების ყალიბებს შექმნეს. ეს იქნება ინვიდუალური გზავნილები სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, თუ რამდენად რთულია რევმატოიდულ ართრიტთან ერთად ცხოვრება, როცა სახსრები არ გემორჩილება. პაციენტების სურვილია სახელმწიფოს მიაწოდონ მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ “ყველაფერი ჩვენს ხელშია” და მკურნალობის შედეგად, მათი ცხოვრების და შრომისუნარიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ისინი შეძლებენ დარჩნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად.
ინფორმაცია დაავადების შესახებ
ართრიტი – არის სახსრების მწვავე ანთებითი დაავადება, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში არა მხოლოდ სახსრების ტკივილს არამედ, უუნარობასა და ინვალიდობას იწვევს.
რევმატოიდული ართრიტი, სისტემური აუტოიმუნური დაავადება, ხასიათდება სახსრების ქრონიკული ანთებით. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულია მსოფლიო პოპულაციის 1 %. ამ დაავადების დიაგნოსტირება დაფუძნებულია, როგორც კლინიკურ კრიტერიუმებზე ისე ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში. რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს.
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთი სისტემური გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემია და ა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10 წლით იყოს შემცირებული. დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ სამწუხაროდ დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.