მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პრეზენტაცია პარასკევს გაიმართება, მანამდე კი კლინიკაში პროტესტი გრძელდება

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პრეზენტაცია პარასკევს გაიმართება, მანამდე კი კლინიკაში პროტესტი გრძელდება

პარასკევს რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გუშინ, ექიმების პროტესტის პერიოდში პირველად, განაცხადა, რომ შესაძლოა მიღებულ იქნას სავადმყოფოს არა დანგრევის და ახალი კლინიკის აშენების, არამედ არსებული შენობის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება.

მედპერსონალი კლინიკის რეაბილიტაციას ან ახალი შენობის აგებას მუშაობის პროცესის უწყვეტობის პირობით ითხოვს. მათ მოთხოვნებს შორისაა კლინიკის ამჟამინდელი დირექტორის ზაზა ავალიანის გადაყენება. მედპერსონალის მორიგი აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღესაც იმართება.

საავადმყოფოში მისულმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ  მედპერსონალთან კომუნიკაცია გრძეოლდება და ის ფიქრობს, რომ სიტუაცია თანდათანობით ნორმალიზაციისკენ წავა.

ღუდუშაურმა აღნიშნა ისიც, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელი იქნება, კლინიკამ არსებულ პირობებში გააგრძელოს მუშაობა  და საჭიროა ახლის აშენება. თუმცა, მისივე თქმით, დასკვნები, რომლებზეც ვსაუბრობთ, ზოგიერთ შემთხვევაში შეფასების ეტაპზეა,  და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მიღებულ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. თუმცა, როგორც ილია ღუდუშაურმა განაცხადა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ძალიან რთული იქნება შუალედურ რეჟიმში კლინიკამ გააგრძელოს მუშაობა.

გუშინ, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სხვადასხვა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების მიერ, მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები. საბოლოო გადაწყვეტილება კი აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.

„ამას სწავლობს, როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის დაქირავებული კონსულტანტების ჯგუფი. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად სწავლობდა აღნიშნულ კლინიკაში არსებულ პრობლემებს და თავის შეთავაზებას ამზადებენ. თუმცა, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ეს პროცესი შეჩერდა, ახლა კვლავ გრძელდება და საბოლოო დასკვნაც გვექნება. ტექნიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რას ვიზამთ, დემონტაჟი მოხდება თუ რეაბილიტაცია,  გადაწყვეტილებას მივიღებთ უკვე ყველა ამ დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკური უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც ჩვენ 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ვთხოვთ, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მიღებულია და არ შეიცვლება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები არ დაირღვევა და ისინი, კლინიკაში მიმდინარე პროცესების დასრულებამდე, აუცილებლად იქნებიან უზრუნველყოფილი ან სამსახურით, ან შესაბამისი სახელფასო ანაზღაურებით.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …