ამ თემაზე კომენტარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა, რომლის თქმითაც, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებას ხვალისთვის ელოდებოდნენ, თუმცა ამ დრომდე დაზუსტებული არ არის თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა დამატებით დოზებს.
გამყრელიძის თქმით, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, იყოს გარკვეული შეფერხებები.
თუმცა, გამყრელიძე ამობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი საათის განმავლობაში პრობლემა აღმოიფხვრება, ვინაიდან რეგიონებიდან გარკვეული ნამატი დოზები ჩამოიტანეს და ყველა შეძლებს მეორე დოზის გაკეთებას.
„ამ პრობლემაზე პასუხისმგებლობა ჩვენი, ყველასია. ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ველოდებოდით ხვალისთვის და ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული დოზების შემოსვლის თარიღი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გვქონდეს გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს არ მოქმედებს სამედიცინო დახმარების ხარისხზე. „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა კეთდება 8-12 კვირის პერიოდში, როცა მას აქვს განსაკუთრებით კარგი ე.წ. ბუსტერული, ანუ გამაძლიერებელი ეფექტი. დღეს რესპუბლიკურში პრობლემა აღარ იქნება, რადგან ქუთაისიდან, გორიდან, მცხეთიდან და რუსთავიდან მოვახდინეთ მობილიზება გარკვეული ნამატი დოზების და ვინც რესპუბლიკურში დღეს იყო ჩაწერილი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიიღებს შესაბამის მეორე დოზას, მაგრამ დანარჩენზე უნდა დავლაგდეთ ამ კვირაში.
არის აქტიური კომუნიკაცია მომწოდებელთან, რომ დაგვიზუსტოს, როდის იქნება მოწოდებული 49 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“ და შესაბამისად მოხდეს მეორე დოზების მიწოდება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მომავალი ერთი საათის განმავლობაში ეს აღმოფხვრილი იქნება და შეძლებენ აცრას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.