ორსულები კოვიდ 19-ით დაინფიცირების 5-ჯერ მეტი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე არაორსული ქალები. ამის შესახებ რეპროდუქტოლოგმა, პროფესორმა ჯენარა ქრისტესაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, ამის მიზეზია ის იმუნური ძვრები, რაც ორსულის ორგანიზმში ვითარდება.
მისივე თქმით, კვლევებით აღმოჩნდა, რომ მამაკაცებში კოვიდი 72%-ით უფრო ხშირად რთულდება და მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას და ინტენსიურ თერაპიას, ვიდრე ქალებში, რაც ქალების ჰორმონის – ესტროგენის მოქმედებით აიხსნება. რეპროდუქტოლოგის განცხადებით, აღნიშნული ჰორმონი შედის კონტრაცეპტივებში და, შესაბამისად, დამცველობით როლს თამაშობს. ამიტომ, მისივე განმარტებით, ქალებს, რომლებიც კონტრაცეპტივებს იღებენ, უმცირდებათ როგორც დაინფიცირების, ისე გართულებების და ჰოსპიტალიზაციის რისკი. ამასთან, ქრისტესაშვილის ინფორმაციით, იმ ქალებში, რომლებიც იღებდნენ კონტრაცეპტივებს და ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ვაქცინის გვერდითი მოვლენები უფრო იშვიათად იყო იმ ვაქცინირებულ ქალებთან შედარებით,რომლებიც კონტრაცეპტივებს არ მოიხმარენ.
ჯენარა ქრისტესაშვილის თქმით, კოვიდპანდემიის საწყის ეტაპზე მედიკოსები თავს იკავებდნენ კონტრაცეპტივების დანიშვნისგან, რადგან იყო ცნობები სისხლის შემადედებელ სისტემაზე ზემოქმედების შესახებ, თუმცა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ეს სიფრთხილე გადაჭარბებული იყო და პირიქით – კონტრაცეპტივებს დამცველობითი უნარი აღმოაჩნდა.
რაც შეეხება რეპროდუქციულ სისტემაზე ვაქცინაციის გავლენაზე, ჯენარა ქრისტესაშვილის განცხადებით, კვლევებმა დაადასტურა, რომ ვაქცინაციის შემდეგ არ შემცირდა ორსულობის დადგომის სიხშირე და არ მოიმატა ნაადრევმა მშობიარობებმა ან თვითნებური აბორტების რიცხვნა, რაც კოვიდის შემთხვევაში ფიქსირდება.
რეპროდუქტოლოგი ასევე აცხადებს, რომ ინვიტრო განაყოფიებების განყოფილებებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ, აუცრელებთან შედარებით, განაყოფიერების მაჩვენებელი არ გაუარესებულა.