მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რეანიმაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფო კლინიკებს ანაზღაურებას გაუზრდის

რეანიმაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფო კლინიკებს ანაზღაურებას გაუზრდის

კლინიკებისთვის სამედიცინო სერვისების ანაზღაურების მოქმედ სისტემას სექტემბრიდან ეტაპობრივად შეცვლის DRG -ის გადახდის სისტემა, მანამდე კი იმ კლინიკებისთვის, რომლებიც რეანიმაციულ სერვისებზე სამინისტროს მიერ დადგენილ ახალ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, ტარიფები შეიცვლება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა გამოცემა „პუბლიკას“ განუცხადა.

„ვფიქრობთ, სექტემბრიდან ეტაპობრივად გადავალთ DRG მეთოდოლოგიაზე. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად ახლა რა პრობლემებსაც აყენებენ, ჩვენ საქმის კურსში ვართ. ეს არის 520 დადგენილება, რომელსაც 2019 წელს, ამ დადგენილების მიღების დროსაც აპროტესტებდა ჰოსპიტალური სექტორი – ეს არის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის ტარიფები.

ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და სამინისტრო მათ სთავაზობს, რომ უახლეს კვირებში შემოვიღებთ რეანიმაციის სტანდარტს, რომელიც კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ და ხარისხობრივ მოთხოვნებს უწესებს კლინიკებს, ხარისხის გასაუმჯობესებლად. იმ კლინიკებს, რომლებიც განახლებული სტანდარტის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, შესაძლებლობა ექნებათ, რომ მათთვის ტარიფი გადაიხედოს მანამდე, ვიდრე DRG სტანდარტი შემოვა.

მათ აქვთ საშუალება, დააკმაყოფილონ განახლებული რეანიმაციის სტანდარტი და მანამდე გაეზრდებათ ინდექსაცია ტარიფზე, თუ არადა, უნდა დაელოდონ სექტემბერს, როცა DRG შემოვა და მთლიანად შეიცვლება გადახდის პირობები და კონკრეტული ტარიფი კონკრეტულ ნოზოლოგიაზე აღარ იქნება მიბმული. რეანიმაციის ახალი სტანდარტი ივლისის შუა რიცხვებამდე მზად უნდა იყოს.“ – ამბობს ილია ღუდუშაური.

მისი თქმით, ინფლაციის ფონზე ტარიფების გაზრდის მოთხოვნა კლინიკების მხრიდან გასაგებია, თუმცა სამინისტროს პოზიციაა, რომ ტარიფების ზრდასთან ერთად ხარისხიც უნდა გადაიხედოს და შესაბამისი სერვისი მიეწოდოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

„ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, ყველა კლინიკა კერძოა და ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, ჩართულები არიან კერძო დაზღვევაში. ასევე, არიან პაციენტები, რომლებიც თავიანთი ჯიბიდან აფინანსებენ სერვისებს. ამიტომ, თუ რაღაც კონკრეტულ ვადაში ვერ ეტევიან, ნებისმიერ დროს კონკრეტული სერვისის გათიშვის უფლება აქვთ, თუ არ აწყობთ სახელმწიფო ტარიფი, თუმცა შემჭიდროებულ ვადებში ვმუშაობთ ამ საკითხზე და ეს პრობლემა არ უნდა დადგეს.“ – ამბობს ღუდუშაური.

კლინიკებში ამბობენ, რომ სამინისტროს სხვადასხვა მომსახურებაზე დადგენილი ფასებისთვის 2013 წლიდან არ გადაუხედავს, ამ 9 წლის განმავლობაში კი გაძვირდა იმპორტირებული სახარჯი მასალები, კომუნალური გადასახადები, რამაც ჰოსპიტალური სექტორის ხარჯი მნიშვნელოვნად გაზარდა.

კლინიკებში ამბობენ, რომ მათი ძირითადი პრობლემა 520-ე დადგენილებაა, რომელიც რეანიმაციას და კარდიოლოგიას აფინანსებს. ილია ღუდუშაუერი ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯის 30-40% მოდის რეანიმაციასა და კარდიოლოგიაზე, შესაბამისად, ყველაზე კრიტიკული მათთვის ამ ტარიფების შეცვლაა.

„სტანდარტი ჩამოყალიბებულია. უბრალოდ, მიმდინარეობს შეხვედრა ამ თემაზე, რომ საბოლოო ვარიანტზე შევჯერდეთ. სამინისტრომ მოამზადა სტანდარტი, გავდივართ კონსულტაციებს ისევ კლინიკებთან, რომ მათი ხედვა გავითვალისწინოთ. არ არის აქ საუბარი თვეებზე. დღეებსა და კვირებზეა საუბარი და როგორც კი სტანდარტი დამტკიცდება, რომელი კლინიკაც უფრო მალე დანერგავს ამ სტანდარტს, შეეძლება, მომართოს ჯანდაცვის სამინისტროს და მათთვის შეთავაზებული იქნება ინდექსირებული ტარიფი.“ – ამბობს ღუდუშაური.

რაც შეეხება DRG -ის გადახდის სისტემის დანერგვას, ის ამბობს, რომ ამ თემაზე სამინისტრო, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანი და ჯანმოს კონსულტანტები ერთად მუშაობენ. მისი თქმით, DRG-ის პილოტირება ამ ეტაპზე პარალელურ რეჟიმში ყველა ჰოსპიტალში მიმდინარეობს.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …