ბუსტერ დოზის გაკეთებაზე კამათი არ უნდა იყოს – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი, პროფესორი დავით თელია აცხადებს.
მისი განმარტებით, აცრით გამომუშავებულ ანტისხეულებს სიცოცხლის გარკვეული ხანგრძლივობა აქვთ. მათი ნახევარდაშლის პერიოდი (გამრავლება) ვაქცინაციიდან მე-4-მე-5-ე დღიდან იწყება, კლება კი უკვე 35-ე-მე-40 დღიდან.
თელიას განმარტებით, ბუსტერ დოზის ძირითადი დანიშნულებაა, შეახსენოს ორგანიზმს პათოგენის შესახებ, რადგან იმუნურ სისტემას აქვს მახსოვრობის და დავიწყების უნარი. ბუსტერ-დოზა კი უზრუნველყოფს, რომ მოხდეს ამ პასუხის რესტიმულირება.
„ბუსტერ დოზა გასაკეთებელია. ეს იქნება გარანტია, რომ იმუნური სისტემა სრულიად არ დაივიწყებს ამას და არ იქნება რეინფრექცია,“ – განაცხადა დავით თელიამ.
მისივე განმარტებით, მხოლოდ ანტისხეულები არ განსაზღვრავენ ორგანიზმის დაცვას. ისინი პათოგენს გასანადგურებლად მონიშნავენ, შემდგომ კი აქტიურდება ნატიური იმუნური სისტემის ელემენტები, როგორიცაა მაგალითად უჯრედი. ამიტომ, იმუნოლოგის თქმით, მხოლოდ ანტისხეულებზე ორიენტაცია სწორი არ არის და ნტისხეულები, რომელთა პიკი აცრიდან 20-ე-25-ე დღეზე მოდის, 35-40 დღის შემდეგ კონცენტრაციას თანდათანობით კარგავენ. დავით თელიას თქმით, კოვიდ ვაქციანცია და ამ ვირუსის გადატანა არ იძლევა ისეთ მყარ იმუნიტეტს, როგორიც წითელას შემთხვევაშია, რის გამოც ბუსტერის გაკეთება აუცილებელია. იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ანტისხეულები არ განსაზღვრავენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს, თელია ანტისხეულებზე ტესტის გაკეთებასაც აზრს მოკლებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ იმუნიტეტის სრული სურათის მისაღებად უნდა შევისწავლოთ ნატიური და ადაპტაციური იმუნური სისტემა, რაც რთული მექანიზმია და ზოგიერთ ქვეყანაში შეუძლებელიცაა, რადგან ეს არაორდინალური ანალიზებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ 19-ის ვაქცინის 30 ათასზე მეტი ბუსტერ-დოზაა გაკეთებული.