მოქალაქეებმა, რომლებმაც “ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს და მეორე დოზაზე პირველი ვაქცინაციიდან 4-დან 8 კვირამდე პერიოდში დარეგისტრირდნენ, ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაიარონ და აცრაზე მეორე ვიზიტი მე-8 კვირიდან მე-12 კვირამდე პერიოდში დაჯავშნონ. ამის შესახებ ინფორმაცია jandacva.ge-ს ვაქცინაციის ცხელ ხაზზე 1522-ზე მიაწოდეს.
jandacva.ge-ს რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მეორე აცრაზე „ასტრაზენეკას“ პირველი ვაქცინაციიდან მე-4 კვირიდან მე-8 კვირამდე პერიოდში დარეგისტრირდნენ, თუმცა ადგილზე გამოცხადების შემდეგ ამცრელ ბრიგადაში განუცხადეს, რომ ვაქცინაციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ისინი პირველი დოზიდან მე-8 კვირიდან მე-12 კვირამდე პერიოდში უნდა გადარეგისტრირდნენ. ამასთან, ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ან ამცრელ დაწესებულებას ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით დარეგისტრირებულ ბენეფიციართან დარეკვის ვალდებულება არ აქვს.
ცხელ ხაზზე ასევე განმარტავენ, რომ გაიდლაინის ცვლილება და მეორე აცრის გაკეთების მინიმალური პერიოდის გადაწევა ახალი კვლევების შედეგებს უკავშირდება, რომელთა თანახმად ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება ყველაზე ეფექტიანი პირველი ინექციიდან მე-8-მე-12 კვირის პერიოდშია, მანამდე კი დაცვის ეფექტი ნაკლებია.