მთავარი » რეფორმები » რა უნდა შეცვალოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმამ
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საჭიროებასა და აუცილებლობაზე სხვადასხვა თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს სფეროს ექსპერტებმა და ცნობილმა მედიკოსებმა.

რა უნდა შეცვალოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმამ

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება მან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC)–ში გააკეთა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით, “გლობალ ალიანსის” ეგიდით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის ხარისხიან მუშაობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხი და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა.

მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს მთავრობის კონტრაქტორ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ “გლობალ ალიანსთან”.

გამოკვეთილად და აქცენტირებულად მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმა. ბევრ ქვეყანას დაემართა ასეთი რამ, როცა არ იქნა ჯეროვანი ყურადღება მიქცეული პირველად ჯანდაცვაზე და მთელი დატვირთვა გადავიდა ჰოსპიტალურ სექტორზე.

თავისთავად ცხადია, რა დიდ რისკებს მოიცავს პროცესი, როდესაც პირველადი ჯანდაცვა ვერ ასრულებს თავის ძირითად როლს. ეს როლი იდეალურ შემთხვევაში სამედიცინო საჭიროებების 80% მართვაა და მხოლოდ 20% უნდა გადადიოდეს სტაციონალურ მკურნალობაზე. თუმცა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ სამედიცინო საჭიროებების უმრავლესობის მართვა.

გულახდილად, რომ გითხრათ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ამ სისტემას საქართველოში ვერ ვხედავ. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, სწორედ პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნა და ამის შემდეგ მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. – ამბობს სერგეენკო.

მინისტრის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში, მათ შორის სამედიცინო საზოგადოებაში. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საჭიროებასა და აუცილებლობაზე სხვადასხვა თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს სფეროს ექსპერტებმა და ცნობილმა მედიკოსებმა. `ბანკები და ფინანსები~ გთავაზობთ მათ მოსაზრებებს.

არჩილ მორჩილაძე (სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი): “ჯანდაცვის პირველადი რგოლის სიძლიერე ბევრ პოზიტივს განაპირობებს~

ჯანდაცვის სისტემაში პირველადი ჯანდაცვა არის მნიშვნელოვანი რგოლი. წლების განმავლობაში ამ სისტემის დასუსტება ხდებოდა და ფაქტობრივად, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ექიმები ისეთი ავტორიტეტით ვერ სარგებლობენ საზოგადოებაში, რაც მათ უნდა ჰქონდეთ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ხშირად გვაქვს შემთხვევები, როცა ადამიანები მკურნალობისთვის პირდაპირ სტაციონარებს აკითხავენ, რაც შესაბამისად ზრდის ჯანდაცვაზე დანახარჯებს.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის სიძლიერე ბევრ პოზიტივს განაპირობებს. როცა ეს რგოლი გამართულია და ხარისხიან სერვისს აწვდის საზოგადოებასს, ასეთ შემთხვევაში ხდება ხარჯების ოპტიმიზაცია, იზრდება მკურნალობის ხარისხი და ეს პროცესი დადებითად მოქმედებს მეფიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდაზეც.

ცვლილებები ჯანდაცვის პირელად რგოლში აუცილებელია. ეს უნდა გაკეთდეს. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ოჯახის ექიმები, ზოგადი განათლების საკითხის დაყენება და ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯი.

ანზორ მელია (კარდეოლოგი, პროფესორი): ,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყებას მივესალმები და ეს დროული კი არა, დაგვიანებულიც კია”.

დავით სერგეენკო პრაქტიკოსი ექიმია და მან კარგად იცის ჩვენი მედიცინის სუსტი მხარეები. სრულად ვეთანხმები, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა აუცილებელია. უფრო მეტიც , დაგვიანებულიც კია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს პირველადი ჯანდაცვის უდიდესი მნიშვნელობა.

უშუალოდ, ჩემი პრაქტიკიდან გამიმდინარე, გეტყვით, ვთქვათ, არის მწვავე ინფარქტი, ავადმყოფს დაეწყო ტკივილები მუცლის არეში, თუ მას ინფარქტის განვითარებიდან 90 წუთის განმვლობაში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ, გადარჩენისა და ინვალიდობისგან თავის დაღწევის დიდი შანსი აქვს.

მაგრამ ხშირად ხდება, რომ ასეთი პაციენტი ხვდება დაბალი დონის პირველადი რგოლში, სადაც არ ჰყოფნით კვალიფიკაცია, ვერ ამისამართებენ შესაბამისად და დროულად, რითაც ავადმყოფიც ზარალდება და სახელმწიფოც.

რეორგანიზაცია სჭირდება სასწრაფო დახმარებასაც. თუ ეს არ მოწესრიგდა, არაფერი გამოვა. ტყუილად დაიხარჯება სახელმწიფო სახსრები. სახელმწიფო ფულს კი ისეთივე გაფრთხილება სჭირდება, როგორც საკუთარს. თუ პირველადი ჯანდაცვა არ მოვაწესრიგეთ, ინგლისის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს ისეთ ხარჯებს, რასაც ჩვენ ვეწევით საყოველთაო ჯანდაცვაზე”.
ფრიდონ თუდუა (აკადემიკოსი): ,,დარწმუნებული ვარ დავით სერგეენკო ბოლომდე მიიყვანს პირველადი ჯანდაცვის რეფორმას”

,,რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, ამის თაობაზე არაერთხელ მქონია საუბრები ბატონ დავით სერგეენკოსთან. რასაკვირველია, მეტად საჭირო და აუცილებელია ზრუნვა პირველად ჯანდაცვაზე. საბჭოთა კავშირის დროს, კარგად იყო განვითარებული პირველადი ჯანდაცვა, არსებობდა პოლიკლინიკების ქსელი, თითქმის ყველა სოფელში იყო გახსნილი სამედიცინო პუნქტები.

ეს ძალიან კარგი იყო მოსახლეობისთვის. შემდეგ ეს ყველაფერი დაინგრა და ყოველი ახალი მინისტრი, რომელიც კი მოდიოდა ჩვენი უწყების სათავეში, ვითომ,იწყებდა პირველადი ჯანდაცვით, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. მე,როგორც კლინიკის ხელმძღვანელს, მჯერა, რომ ბატონი დავითი ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს.

პირველადი ჯანდაცვა, რასაკვირველია, გულისხმობს ნაადრევ დიაგნოსტიკას. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში როგორ იზრდება ონკოლოგიური ავადმყოფების რაოდენობა და მათ შორის, ჩვენთანაც. სამწუხაროდ, ონკოლოგიური ავადმყოფი ექიმთან დაგვიანებით მიდის. პროფილაქტიკის ნაადრევი დიაგნოსტიკის შემთხვაში კი ასეთი დაავადებების გამოლენის პროცენტი მეტად მაღალია და შესაბამისად, მკურნალობაც, შედეგის მომტანი. თუ სახელმწიფომ პირველდი ჯანდაცვაც აიღო თავის თავზე, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო ჯანდაცვის განვითარებისთვის”

დევი ხეჩინაშვილი (სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი): ,,ჰოსპიტალურმა მომსახურებამ გემიური ვიზიტების ხარჯზე უნდა იკლოს”

,,ჯანდაცვის ამჟამინდელ პრობლემას წარმოადგენს წამლის სრულიად არაეფექტური მოხმარება, რისი შედეგიც წამალზე ეროვნული დანახარჯის დიდი ოდენობაა.წამლის წილი საერთო ეროვნულ ჯანდაცვით დანახარჯებში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ძალიან მაღალია.

გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის დეფიციტს კარგად აჩვენებს გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურებების არანორმალურად მაღალი მაჩვენებელი. მდგომარეობა იქამდე მიდის ხოლმე, რომ ადამიანი საავადმყოფოში ხშირად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით ხვდება.

იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ამ კუთხით გაატარებს ღონისძიებებს, რომ ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი შეიცვალოს – წამალი უნდა იქნას გამოყენებული უფრო ეფექტურად და გეგმიური ვიზიტების ხარჯზე უნდა იკლოს გადაუდებელმა ჰოსპიტალურმა მომსახურებამ”

რამაზ საყვარელიძე (ფსიქოლოგი): ,,ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყება აშკარა შვება იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის”

,,მოსახლეობისთვის ფინანსურად ერთ–ერთი ყველაზე მძიმე საკითხია სტაციონარში მკურნალობა. რადგან ავადმყოფმა უნდა გადაიხადოს არამარტო მკურნალობისა და წამლის, არამედ სტაციონარში ყოფნის ფულიც. მართალია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ეს პრობლემა დიდწილად მოხსნა, მაგრამ მაინც ხშირია სემთხვევები, როცა პაციენტის საჭიროებებს ეს პროგრამაც კი ვერ წვდება და მას თავად უხდება ჯანმრთელობის აღდგენისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსის მოძიება.

ამდენად, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რეფორმის შესახებ, რომელმაც პირველად რგოლშივე უნდა მოხსნას პაციენტის პრობლემები და საქმე ჰოსპიტალურ ჩარევამდე არ მიიყვანოს, ამსუბუქებს მოსახლეობისთვის ოჯახის ბიუჯეტს.

ვფიქრობ, ჯანდაცვაში პირველადი მომსახურების გაძლიერება საკმაოდ რთული საქმეა კვალიფიკაციის თვალსაზრისით. მომსახურების ფართო ქსელში ყველა დონის დახვეწას კვალიფიკაცია სჭირდება. აზრიანი, მოსახლეობის ინტერესებზე გათვლილი რეფორმაა საჭირო”.

მარიამ ჯიშკარიანი (წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათიას” დირექტორი): ,,პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია”

,,პირველადი ჯანდაცვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მივესალმებ,ი თუკი მის განვითარებას მეტი ყურადღება მიექცევა. კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ევროპულ და განვითარებულ ქვეყნებში, სწორედ პირველადი ჯანდაცვაა პრიორიტეტული, რათა მაქსიმალურად მოხდეს დაავადებათა კონტროლი და მათი პრევენცია.

ამ ინიციატივის ეფექტურობა შეიძლება დღესვე, ასე თვალნათლივ, ვერ ვნახოთ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში უკვე თვალსაჩინო იქნება, განსაკუთრებით, სახსრების ეფექტურად ხარჯვის მიმართულებით. ჩვენი ცენტრი აქტიურად აპირებს ჩაერთვოს ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის საკითხებში და ითანამშრომლოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ ახალ პროექტში”.

მიხეილ კუკავა (,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს~ ანალიტიკოსი): ,,ეს უმნიშვნელოვანესი, თუმცა ურთულესი რეფორმაა”

პირველადი ჯანდაცვის რგოლი საქართველოში რომ გასაძლიერებელი და განსავითარებელია, ამაში ახალი არაფერია. იმისათვის, რომ სტაციონარში ბევრი პაციენტი არ გადავიდეს, საჭიროა ძლიერი პირველადი რგოლი. სტაციონარებში რთული სიტუაცია გვაქვს. გადატვირთულია როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებელი სტაციონარი. ეს სწორედ პირველადი რგოლის სისუსტის ნიშანია.

საჭიროა მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. ქვეყნებში, სადაც პირველადი ჯანდაცვის რგოლი განვითარებულია, ეს პრობლემა არ დგას. ეს უმნიშვნელოვანესი, თუმცა ურთულესი რეფორმაა.

შეიძლება ითქვას, რომ არათუ ჯანდაცვაში, ესეთი სირთულის რეფორმა არც ერთ სფეროში არ განხორციელებულა საქართველოში. აღნიშნული წამოწყება მოითხოვს დიდ ხარჯებს. სერიოზული მომზადებაა საჭირო. რეფორმის სირთულე იმაშიც მდგომარეობს, რომ განხორციელების შემდეგ, მისი შედეგების შენარჩუნებაც სიძნელეებთანაა დაკავშირებული.

`საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო~ აუცილებლად განახორციელებს მონიტორინგს რეფორმის განვითარების პროცესში. მუდმივად გვაქვს კავშირი სამინისტროსთან, მუდმივად ვითხოვთ ახალ ინფორმაციას და არაერთ საბჭოში ვართ გაწევრიანებული ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით. ასევე, აღსანიშნავია საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ `გლობალ ალიანსის~ როლი ამ წამოწყებაში, რადგან რეფორმის წარმატებით განხორციელება მათზეც იქნება დამოკიდებული~.

ნოდარ ემუხვარი (კარდეოლოგი, პროფესორი): ,,ჯანდაცვის სამინისტროს ამ სფეროს გაძლიერებით საკმაოდ დიდი ტვირთი დააწვება, მაგრამ უპირველესი ადამიანის სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობაა”

,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც უკვე მოქმედებს საქართველოში, უნიკალურია თავისი არსით და მან შვება ძალიან ბევრ ადამიანს მისცა. პირადად ვხედავ ათასობით ადამიანს, რომლებსაც გულზე სერიოზული ოპერაციები სწორედ ამ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის წყალობით ჩაუტარდათ და დღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ კარგია. უფულობით განწირული ადამიანები გადარჩნენ ამ პროგრამის წყალობით.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის იდეა რომ გაჩნდა, უდავოდ მისასალმებელია. კომუნისტების პერიოდში ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ძალიან ძლიერი იყო და ავადმყოფებიც დაცულები იყვნენ. ხშირად მსმენია უკმაყოფილო პაციენტებისგან, რომ ოჯახის ექიმმა მას სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვა. ეს ცოტა არ იყოს, უმადურობა მგონია. როდესაც ექიმს კვლევისთვის საჭირო ყველა პირობა ექნება, დიაგნოზის დასმასაც სწორად შეძლებს.

მართალია ჯანდაცვის სამინისტროს ამ სფეროს გაძლიერებით საკმაოდ დიდი ტვირთი დააწვება, მაგრამ უპირველესი ადამიანის სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობაა. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ როდესაც დავიწყე მუშაობა სოფლის ამბულატორიაში, თითოეული ავადმყოფი აღრიცხვაზე მყავდა აყვანილი, შემდეგ კი თავად ექიმებს გვამოწმებდნენ, რამდენად კეთილსინდისიერად ჩავატარეთ გამოკვლევები”.

ნინო კიკნაძე (კლინიკა `კურაციოს~ კლინიკური დირექტორის მოადგილე): ,,მოსახლეობამ უნდა გაიგოს რომ მკურნალობას პრევენცია ჯობს”

`პირველადი ჯანდაცვა ყველა ქვეყანაში არის ჯანდაცვის დიდი ნაწილის მომგვარებელი. იმ ქვეყნებში, სადაც ის კარგად მუშაობს, აკეთებს ძალიან კარგ საქმეს. არის ხარჯთეფექტური და არის პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული. 80% სამედიცინო დანახარჯებისა მოდის პიველად ჯანდაცვაზე და პრობლემების დიდ ნაწილს აგვარებს სწორედ ეს რგოლი.

ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ დაავადების მკურნალობა, ეს არის პრევენცია და ჯანმრთელობის ხელშეწყობა. შესაბამისად, ეს არის კარგი პაციენტისთვის, რომელიც არის მოვლილი და სტაციონარი ნაკლებად სჭირდება და ეს არის კარგი სახელმწიფოსთვის, რომლისთვისაც პაციენტის ჯანმრთელობა ნაკლები ხარჯია.

პირველადი ჯანდაცვის ექიმი შეიძლება იყოს თერაპევტი, ოჯახის ექიმი, ან ნებისმიერი ვიწრო სპეციალობის ექიმი. თავიდან გადამზადების საჭიროებას მე ვერ ვხედავ. კათედრიდან მქონია შეხება და ისინი გადამზადებულები არიან. თუმცა, სამედიცინო განათლება, მოგეხსენებათ, არ არის ერთჯერადი, ეს არის უწყვეტი პროფესიული განვითარება, რაც ძალიან აქტიურად უნდა ჩაიდოს ამ რეფორმაში.

იმ ექიმებს, რომლებიც მუშაობენ პირველად ჯანდაცვაში, უნდა მიაწოდონ თანამედროვე გაიდლაინები, სტრატეგია, ან უნდა აღდგეს უწყვეტი განათლების სისტემა. ახალი ექიმების გადამზადებას დიდი რესურსი და დრო დასჭირდება. როცა გყავს გადამზადებული მედიკოსები და შეგიძლია ის დაატრენინგო და გაუღრმავო ცოდნა, ეს უკეთესი გზა იქნება”.

სალომე როდონაია (დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მთავარი ექიმი): ,,პირველადი ჯანდაცვის განვითარება ჰოსპიტალიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს”

,,პირველადი ჯანდაცვა უმნიშვნელოვანესი რგოლია. მისი საჭიროება სწორად უნდა გვესმოდეს. ეს საჭიროა სხვადასხვა დაავადებების პრევენციის და ადრეულ ეტაპზე მათი დიაგნოსტირების და მკურნალობისათვის, რაც გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის შემცირებას. ეს, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ბიუჯეტზე.

რეფორმა რამდენად გაამართლებს, რთული სათქმელია. ეს დამოკიდებულია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ხარიხსიან მუშაობაზე, მოქალაქეების ინფორმირებასა და ამბულატორიული მედპერსონალის კვალიფიციურობაზე. აუცილებლად გადასახედია ისიც, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად მოხდება ექიმის მიერ პაციენტის გადამისამართება და რამდენად კმაყოფილი დარჩება მოქალაქე გაწეული მომსახურებით.

ხარვეზები რეფორმის დაწყების და გატარების შემდეგ უკეთ გამოჩნდება, რომელთა გამოსწორება და დახვეწა რთული არ იქნება. მთავარია, პირველი ნაბიჯები იყოს სწორი და არ განაპირობოს მოქალაქეთა უკმაყოფილება”.

bfm.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …