მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რა შემთხვევაში შეუძლია მშობლის გარდა სხვა პირს მოზარდის კლინიკაში, კონსულტაციაზე მიყვანა

რა შემთხვევაში შეუძლია მშობლის გარდა სხვა პირს მოზარდის კლინიკაში, კონსულტაციაზე მიყვანა

მშობლის გარდა, სხვა პირს, შეუძლია თუ არა ბავშვის ექიმთან მიყვანა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება? ეს შეკითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში მშობლებმა დაწერეს პოსტები იმის შესახებ, რომ „ევექსის“ პოლიკლინიკებში, თუ ბავშვი მშობლის გარდა სხვა პირს (ბებია, დეიდა და ა.შ.) მიჰყავს, მას ნოტარიულად დამტკიცებულ მინდობილობას სთხოვენ. საუბარია გეგმიურ ვიზიტზე და არა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე.

ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი ამბობს, რომ ეს სწორი პრაქტიკაა და ბავშვის უფლებებს იცავს, ნაწილი კი ასეთი რეგულაციის მოწინააღმდეგეა.

„ევექსში“ jandacva.ge-ს განუცხადეს, რომ მსგავს პრაქტიკას დიდი ხანია მისდევენ და ის ჯანდაცვის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისია.

მსგავსი რეგულაცია არ არსებობს სხვა პოლიკლინიკებში, თუმცა ბავშვის თანმხლები პირის გადამოწმების მექანიზმები მაინც აქვთ. მაგალითად, „კურაციოში“  აცხადებენ, რომ ბავშვის ექიმთან მიყვანა ნებისმიერ პირს შეუძლია, თუმცა მან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს.

ჯანმრთელობის შესახებ კანონის თანახმად, მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მკურნალი ექიმისაგან მიიღონ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

გულისხმობს თუ არა ტერმინი „კანონიერი წარმომადგენელი“ ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობის წარმოდგენის ვალდებულებას?

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი თაკო უგულავა ამბობს, რომ კანონი მსგავს ვალდებულებას არ შეიცავს, თუმცა კანის ფარგლებში, კლინიკებს შეუძლიათ, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით, სხვადასხვა რეგულაცია დააწესონ. მისი განცხადებით, შესაძლოა, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარდგენის ვალდებულება მშობლების ნაწილისთვის გადაჭარბებული ზომა იყოს და ამან დისკომფორტი შექმნას, თუმცა მიზანი მოზარდების უფლებების დაცვაა.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში  აუცილებელია ექიმისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება, რაც ყველაზე ხშირად, სრულყოფილად სწორედ მშობელს აქვს. ამასთან, ექსპერტის განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც კონფიდენციალურია და მშობლის გარდა მისი სხვა პირისთვის მიწოდება სიფრთხილითაა საჭირო. კლინიკებიც, აქედან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …