მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რა კოვიდ-რეგულაციები იმოქმედებს საგამოცდო ცენტრებში და რა შემთხვევაში მოიხსნებიან აბიტურიენტები გამოცდებიდან

რა კოვიდ-რეგულაციები იმოქმედებს საგამოცდო ცენტრებში და რა შემთხვევაში მოიხსნებიან აბიტურიენტები გამოცდებიდან

ის აბიტურიენტები, რომელთაც გამოცდის დღისათვის დადასტურებული ექნებათ COVID-19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან, ამასთან, გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ამ აბიტურიენტებისთვის შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია განსაზღვროს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს ბრძანებაშია აღნიშნული, რომლითაც ცვლილება შევიდა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში.

ბრძანების თანახმადვე, საგამოცდო პერიოდში ცენტრი უფლებამოსილია ყოველდღიურად დაცული ფორმით მიიღოს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ აბიტურიენტს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში. ამასთან, ინფორმაცია აბიტურიენტისთვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და დაცული ფორმით ეცნობება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც გამოცდას აბიტურიენტი აბარებს.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებით. აღნიშნული რეკომენდაციები შემდეგია:

ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება;

აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა (უსაფრთხო დისტანციის, მინიმუმ 2 მ-ის დაცვით);

რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენება;

ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ  თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე მეთვალყურეთა და აბიტურიენტთა  ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. მაქსიმალურად შეამცირეთ მეთვალყურეთა რაოდენობა ან გამოიყენეთ როტაციის პრინციპი იმგვარად,  რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები; რესპირატორული სიმპტომების/ცხელების  მქონე გამოსაცდელებისთვის გამოყავით  სარეზერვო სექტორი;ყველა საგამოცდო ცენტრის  შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი  სავალდებულო ნიშნის მითითებით;

განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი  ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისათვის, ხოლო გამოსაცდელებისათვის – ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში;

თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით.

საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესები:

·      სამუშაოდ გამოიყენეთ სექტორის მხოლოდ 50%;

·      სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყავით გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით;

·      მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი  არანაკლებ 1 მეტრისა.

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე:

უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;

გამოიყენეთ ოთახების წინასწარი გაგრილების პრინციპი შემდეგი თანმიმდევრობით:

სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია;

განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის პრინციპით; კონდიცირება დასაშვებია სესიის დაწყებამდე, გამოსაცდელების სექტორში შესვლის დაწყების პერიოდამდე.  პირველ სესიამდე შეიძლება პირდაპირ ჩაირთოს კონდიციონერი, თუ წინა დღეს სესიის ბოლოს მოხდა სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და განიავება.

გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში  ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 С-ს.

კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი. კონდიციონერის მუშაობის პროცესში აუცილებელია  ფანჯრების ღიად დატოვება.

საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავება:

ოპერატორებმა, დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, პასუხების ფურცლები უნდა დაამუშაონ  (ამოლაგება პაკეტებიდან და დასკანერება) 2 დღიანი კარანტინის შემდეგ და ნამუშევრები დაასკანერონ ხელთათმანებით, სხვა შემთხვევაში უნდა დაიმუშაონ ხელი შესაბამისი პერიოდულობით.

თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები:

რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა,  მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);

თუ გამოსაცდელს 37 С  ან 37 С -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა  ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.5 С-მდე (37.4 С -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

თუ გამოსაცდელს აქვს  გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში.

თუ გამოსაცდელს არა აქვს  გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით  ადრე, ჩატარებული და მიღებული  PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ: თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.

იმ შემთხვევაში, თუ 37С-დან 37.4С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა  PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს  მომდევნო გამოცდამდე;

37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.

ტემპერატურის   37.5 С -ზე მეტის შემთხვევაში:

თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, იგი განთავსდება სამმხრივი გამჭვირვალე დამცავი ფარის/ ბარიერის მქონე სამუშაო მაგიდასთან, რომელიც  დაშორებულია არანაკლებ ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან (მაგიდებს შორის დაშორება ყველა მხრიდან უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა). ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ შემდეგ გამოცდამდე მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.

თუ გამოსაცდელს აქვს  გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.

თუ გამოსაცდელს აქვს  გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში,  გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით; მისი დაშვება შემდეგ გამოცდაზე მოხდეს არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე ჩატარებული PCR ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.

გამოსაცდელთა ვალდებულებები:

საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას;

საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი:

სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;

საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;

სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;

საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას.

37 С – ზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად PCR -ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა).

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცემა შენიშვნა და მიეთითება წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …