მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ქვეყანაში “ომიკრონის” შიდა გადაცემა დაიწყო, ვირუსის გავრცელების ტემპები მატულობს

ქვეყანაში “ომიკრონის” შიდა გადაცემა დაიწყო, ვირუსის გავრცელების ტემპები მატულობს

ამ ეტაპზე ქვეყანაში ომიკრონის 253 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ამ შტამით ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი 3-4-ჯერ მეტია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 159 შემთხვევის ანალიზის თანახმად, რაც დილისთვის იყო დადასტურებული, ინფიცირებულთა შორის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი 16-ია. შემთხვევათა 17% რეინფიცირებაა, 67% კი სრულად ვაქცინირებული ადამიანია, მათ შორის 8-ს ბუსტერდოზა აქვს გაკეთებული. გამყრელიძის თქმით, 159  დაავადებულის მდგომარეობა მსუბუქია და მათ შორის მხოლოდ 5 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, აქედან კლინიკებში 3 პაციენტის გადაყვანა თანმხლები დაავადების გამო გახდა საჭირო.  ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემთხვევათა უმეტესობა უცხოეთიდანაა შემოსული, თუმცა ამასთანავე უკვე დაწყებულია ომიკრონის შიდა გავრცელება.

„დღევანდელი მდგომარეობით, ეპიდსიტუაცია წინა კვირის შესაბამის დღეებთან მიმართებაში უფრო და უფრო, თანდათანობით იძაბება და რთულდება. თუ ჩვენ ნოემბრის შუა რიცხვებიდან გვქონდა ე.წ.დაღმავალი ტალღა ყოველდღიური ახალი შემთხვევების და ეს სტაბილურად რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა აღინიშნება ყოველდღიური შემთხვევების მატება და სხვა ინდიტაკორების როგორიცაა დადებითობის მაჩვენებელი – ზრდა. სამი პროცენტითაა გაზრდილი დადებითობა. გაზრილია 7 დღის საშუალო დადებითობაც, ჯერჯერობით ეს არ შეტყობია ბოლო ორი კვირის დადებითობის საშუალოს. გუშინ ვთვლიდით, რომ შემთხვევების მატება შეიძლება ყოფილიყო ე.წ. სამშაბათის სინდრომი, ანუ საახალწლო დასვენებების და შაბათ-კვირის დაგროვილი შემთხვევები, მაგრამ რადგან დღესაც მატება გვაქვს, ვთვლით, რომ სამწუხაროდ დაიწყო ახალი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს: ქვეყანაში იზრდება ომიკრონის გავრცელება და მეორე – ის, რომ წინასაახალწლო პერიოდში ქვეყანაში გვაქვს სერიოზულად გაზრდილი მობილობა. სამწუხაროდ, კვლავ მაღალი რჩება ყველაზე მძიმე, სიკვდილილანობის ინდიკატორი,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება პროგნოზებს, მისი განცხადებით, დიდი ალბათობით მომავალ 2 კვირაში გვექნება შემთხვევების ზრდა, რისთვისაც ჯანდაცვის სისტემა მზადაა. მისივე განმარტებით, გავრცელების სისწრაფე დინამიურია და 30-40%-ის ფარგლებშია.

ამირან გამყრელიძე მიმართავს მოსახლეობას თხოვნით, ძველი ახალი წლის პერიოდში,  იყვნენ მაქსიმალურად მოკრძალებულები, რადგან უკვე ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში და იწყება ინფიცირების აღმავალი ტალღა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია ახალი შტამით. გამყრელიძე მოსახლეობას ვაცქინაციისკენ მოუწოდებს და ასევე აღნიშნავს, რომ მართალია პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ია, თუმცა არც ესაა საკმარისი და ეს მონაცემი 95%-მდე უნდა ავიდეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან, დაიცვან სანიტარული ნორმები და დისტანცია.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …