საქართველოში ომიკრონის დადასტურების შემთხვევების რაოდენობა კიდევ 5-ით გაიზარდა და ჯამში 29 შეადგინა. თუმცა რეალურად შემთხვევები გაცილებით მეტია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“ფაქტიურად გაცილებით მეტია ალბათ, რადგან იმ პროტოკოლის მიხედვით,რომელიც ყველა ლაბორატორიას აქვს, სად შეიძლება მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები უფრო და უფრო გახშირდა ბოლო დღეების განმავლობაში. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სად შეიძლება იყოს ომიკრონი და შემდეგ ხდება მისი გადამოწმება ლუგარის ცენტრში, და 50%-ში დასტურდება, რომ ეს ომიკრონის შტამია. ფაქტიურად მან დაიწყო ცირკულაცია ქვეყანაში,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ამ შტამით დაავადებულების მდგომარეობა მსუბუქია და სტაციონარული დახმარება მხოლოდ ერთ ინფიცირებულს დასჭირდა.
გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულთა უმეტესობა აცრილია.
მისივე პროგნოზით, ომიკრონის შტამი ქვეყანაში დომინანტი 3 კვირაში გახდება.