მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ქვეყანას ახალი რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოები ექნება

ქვეყანას ახალი რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოები ექნება

ქვეყანას ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ექნება. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო კი რამდენიმე თვეში ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ხარისხიანი ჯანდაცვა, ამიტომ 2025 წლიდან ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, უნდა აკმაყიფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს.

„თბილისში არსებული ჩვენი ორი კლინიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ინფრასტრუქტურით თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემებით. ესაა რესპუბლიკური საავადმყოფო და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შემთხვევაში იცით, რომ ახალ ინფექციურ საავადმყოფოს აქტიურად ვარემონტებთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ იქნა შეძენილი და რამდენიმე თვეში დასრულდება. ეს იქნება მოზრდილთა და ბავშვთა ინფექციური კლინიკა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გუნდი მთლიანად გადავა თანამედროვე სტანდარტების კლინიკაში. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კი მიღებული გვაქვს გადაწვეტილება, რომ თბილისში გვქონდეს იმ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა, რომელიც 2025 წლისთვის შემოვიტანეთ და თბილისს ექმნება სახელმწიფო კლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური და დააკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რაც აუცილებელია მოსახლეობის ხარისხიანი ჯანდაცვისთვის. აქტიურად მიდის კონცეფციის დონეზე მუშაობა, რომელსაც ძალიან მალე წარმოგიდგენთ. ამ კლინიკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება დააჩქარა იმან, რომ წინა წლის ბოლოს დავიწყეთ საუბარი ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებაზე, რომელიც ქვეყანაში არ გვაქვს და ბავშვთა ონკოლოგიაც იქნება ამ კლინიკის ნაწილი. საბოლოო ჯამში ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონცეფციას, სად და რა კონცეფციის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გვქონდეს და იქვე იქნება ბავშთა ონკოლოგიაც. პროექტს საშუალოდ 2-2,5 წელიწადი დასჭირდება და მივიღებთ მაღალტექნოლოგიურ მრავალპროფილურ კლინიკას, რომელიც აუცილებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდეს,“- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …