კოვიდ-ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად აცრილია მოსახლეობის 45%.
„ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება, მიმდინარეობს ექიმების აქტიური ტრენინგები იმისთვის, რომ მოხდეს შეთავაზება ყველა პაციენტისთვის, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის. დღეისთვის NCDC-საწყობში არის სამი სახის ვაქცინა: „ფაიზერი“, რომელსაც ვადა წლის ბოლომდე აქვს, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომელთა ვარგისიანობა 2023-2024 წლების ბოლომდეა. ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება და ბუსტერ-დოზების მნიშვნელობა დღეს განსაკუთრებით მაღალია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი განმარტებით, ვადის გასვლის შემდეგ, “ფაიზერი” იანვრიდან კვლავ შემოვა.
როგორია ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდვაქცინაციის სტატისტიკა, უცნობია. ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ საიტზე (vaccines.ncdc.ge/statistics/), რომელიც ვაქცინაციის სტატისტიკის წარმოების მიზნით შეიქმნა, ბოლო მონაცემი 15.03.21 – 26.09.22 პერიოდს ასახავს.