პოსტკოვიდურ პერიოდში პაციენტმა, შესაძლოა, ყნოსვა ერთი წლის განმავლობაში დაკარგოს. შეიძლება თუ არა ეს პერიოდი კიდევ უფრო გაგრძელდეს – ჯერ უცნობია, რადგან ჯერ საკმარისი დრო არაა გასული და არც საკმარისი ცოდნაა დაგროვებული. ამის შესახებ თსსუ ასისტენტ პროფესორმა ელზა თათარაძემ განაცხადა. პაციენტებს, რომლებიც ასეთი პრობლემების წინაშე დგანან, ის გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
კერძოდ, მისი თქმით, საჭიროა ყნოსვის ტრენირება, რაც გულისხმობს ეთერზეთების და მკვეთრსუნიანი ნივთიერებების გამოყენებას, როგორიცაა პიტნა, მიხაკ-დარიჩინი, ციტრუსი, ყავა, ვარდი. პროცედურა ასეთია: ვიღებთ 4 ნივთიერებას და 10-15 წამის განმავლობაში ვყნოსავთ თითოეულს, თან ვფიქრობთ იმ სუნზე, რომელიც ვიცით, რომ ამ ნივთიერებას ჰქონდა. ამის შემდეგ 10 წამი ვისვენებთ, ვიღებთ მეორე ნივთიერებას და ვიმეორებთ პროცედურას. ასე ვაკეთებთ 4 ნივთიერების შემთხვევაში, დღის განმავლობაში რამდენჯერმე. თუ ამ ტრენირების შემდეგ ყნოსვა არ აღდგება, უნდა გადავიდეთ 4 სხვა ნივთიერების ნაკრებზე.
ელზა თათარაძის თქმით, ასევე ხშირია კოვიდგადატანილ პაციენტებში ხმის პრობლემა, განსაკუთრებით მათ შორის, ვისაც ინტუბირება დასჭირდა. ამ შემთხვევაში რჩევა ასეთია: არ დაძაბოთ ხმა, ახლობლის დასაძახებლად გამოიყენეთ ზანზალაკი, ისაუბრეთ დაბალ ხმაზე, თუმცა არა ჩურჩულით. ასევე კარგი ეფექტი აქვს ჩუმად ღიღინს დღის განმავლობაში.
ასევე სპეციალისტები რჩევებს აძლევენ კოვიდგადატანილ იმ ადამიანებს, რომლებსაც სუნთქვის პრობლემები და დაღლილობა აღენიშნებათ.
ამასთან, კოვიდის თავისებურება ისაა, რომ მსუბუქად გადატანის შემდეგაც კი შესაძლოა პოსკტოვიდური სიმპტომები მძიმე და შემაწუხებელი იყოს.
ელზა თათარაძის თქმით, შესაძლოა პრობლემები გამოიხატოს სუნთქვის უკმარისობასა და ქოშინში, რომელიც შესაძლოა უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაშიც კი დაიწყოს, რადგან ადამიანს დაქვეითებული აქვთ ტოლერანტობა მცირე ფიზიკური დატვირთვის მიმართაც კი. ისეთი უმნიშვნელო დატვირთვაც კი, როგორიცაა ოთახიდან ოთახში გასვლა, მსუბუქი ვარჯიში შეიძლება გახდეს ჰაერის უკმარისობის და ქოშინის მიზეზი.
ამ დროს ადამიანს ეშინია მოძრაობის, წყვეტს აქტიურობას და ხდება უმოძრაო, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
სპეციალისტი რეკომენდაციებს ამ შემთხვევაშიც გასცემს. ისინი ასეთია: პაციენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ უდიდესი ალბათობით ეს დროებითი მდგომარეობაა და მაქსიმუმ რამდენიმე თვე გაგრძელდება. არ უნდა შეეცადოს მუდმივი დაღლილობის ძალდატანებით გადატანას. უნდა გამოიყენოს ენერგიის დაზოგვის, შენახვის პრაქტიკა.
უსიამოვნო შეგრძნებებისას კი დაწვეს გვერდზე, მაღალ ბალიშზე, ფეხები მოხაროს და შეეცადოს დამშვიდდეს. ასევე შესაძლებელია მოხერხებული პოზიციის შერჩევა ჯდომისას – წინ წახრილი დაეყრდნოს საკუთარ კალთას. თუ მაგიდასთანაა, მაგიდას დაეყრდნოს. ასევე ეფექტიანია გამართულ მდგომარეობაში კედელზე მიყრდნობა. ელზა თათარაძე ამბობს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება შესაძლებელია როგორც სახლში, ისევე ტრანსპორტსა და სხვა ნებისმიერ ადგილას.