რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გრიპის ვაქცინების უფასოდ გაკეთება ამბულატორიებში უკვე შესაძლებელია. თუმცა, პოლიკლინიკების ნაწილში პრეპარატი ჯერ არ მიუღიათ და მათ უახლოეს დღეებში ელოდებიან.
კერძოდ, როგოც „ნიუ მედში“ jandacva.ge-ს განუცხადეს,მათთან ორსულებისა და დიალიზზე მყოფი მოქალაქეების ვაქცინაცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, დანარჩენი რისკჯგუფებისთვის კი პრეპარატი უახლოეს დღეებში ექნებათ.
იგივეს აცხადებენ 26-ე პოლიკლინიკაში,სადაც აცხადებენ, რომ მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფოსგან გრიპის ვაქცინა უფასოდ ეკუთვნის, მათ უახლოეს დღეებში უნდა დაუკავშირდნენ და გაიგონ, როდის შეუძლიათ ვაქცინაციისთვის მისვლა.
ყველა რისკ-ჯგუფისთვის ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია „მედკაპიტალის“ ყველა ფილიალში. ამის შესახებ jandacva.ge-ს ქსელის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი თქმით, რისკ-ჯგუფად განსაზღვრული ნებისმიერ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს შეუფერხებლად შეუძლიათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.
იგივე განაცხადეს „ევექსშიც“, რომელსაც ამბულატორიები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვს გახსნილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გრიპის საწინააღმდეგო, 4-კომპონენტიანი ვაქცინის გაკეთება უკვე ნებისმიერ რისკჯგუფში შემავალ ყველა მოქალაქეს შეუძლია. აღნიშნულ ვაქცინაციას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. დღემდე ამ პრეპარატით აცრა მხოლოდ ორსულებს, მედპერსოსალსა და დიალიზზე მყოფ პირებს შეეძლოთ.
ზახაშვილის განმარტებით, გრიპის უფასო ვაქცინაცია შეუძლიათ შემდეგ ჯგუფებს: მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი, სკოლის პედაგოგები, საბავშო ბაღის აღმზრდელები, დიაბეტით დაავადებულები, ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულები და 60 წელს ზემოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამცრელ პუნქტს მიმართავს.
„ყველა ამ კატეგორიისთვის დღეიდან უკვე შესაძლებელია, მიმართონ ვაქცინაციის პუნქტებს და ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია. ამცრელი პუნქტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა გუშინ ზახაშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო ოთხ ვალენტიანი ვაქცინის 200 ათასი დოზა შეისყიდა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის. აქედან 43 ათასი დოზა ქვეყანამ უკვე მიიღო, 60 ათას დოზას კი ამ კვირისთვის ელოდება.
ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საუკეთესო დრო არის ოქტომბერი.
თუმცა, ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, აცრა არასდროს არის გვიან და შემდეგ თვეებშიც შესაძლებელია ვაქცინის გაკეთება, ვიდრე გრიპის აქტიური ცირკულაციის სეზონი ფიქსირდება.
„გრიპის ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერ პოლიკლინიკაში, რომელიც ჩვეულებრივ, სტანდარტულად ატარებს იმუნიზაციას. ხშირ შემთხვევაში ეს განსხვავდება კოვიდვაქცინაციის ცენტრებისგან. ვიმედოვნებთ, რომ რაიმე სპეციფიური რიგებისგან დაცული იქნება სისტემა და შევძლებთ იმუნიზაციას ისე, რომ ზედმეტი საფრთხეები და დისკომფორტი არ შევუქმნათ მოსახლეობას. ზოგიერთი ამცრელი პუნქტი მუშაობს შაბათს ან კვირას“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.