პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურა გვასალია გამოეხმაურა.
იგი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყებას მიესალმება და თვლის, რომ ნებისმიერი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა კარგია როგორც პაციენტისთვის ასევე სისტემისთვის და ეს, რა თქმა უნდა, იქნება უფრო ხარჯთეფექტური.
საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს საერთაშორისო დასავლელი ექსპერტების ამ შემთხვევაში “გლობალ ალიანსის” ჩართვას რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
“ცხადია, იმ ქვეყნებში, საიდანაც ამ კომპანიის ექსპერტები არიან, პრევენციული და პროფილაქტიკური მედიცინა უკვე დიდი ხანია განვითარებულია და აქვთ შესაბამისი გამოცდილება. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ჩვენი პირველადი რგოლის ექიმების უმეტესობა ასევე აკმაყოფილებს სტანდარტებს, მაგრამ უწყვეტი განათლება და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა, აუცილებელია“, აცხადებს გვასალია.
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა თითოეულ ოჯახზე აისახება. ადრე არსებობდა პოლიკლინიკები სადაც იყვნენ ოჯახის ექიმები. მაგალითად, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, თავიანთ უბანში თუ ვის რა დროს უწევდა აცრა და მსგავს საკითხებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
მაგალითად, თუ ბავშვს დაბადებიდანვე აკვირდება ოჯახის ექიმი, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, ეს არის სწორედ დაავადებათა პროფილაქტიკისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენთან ეს სისტემა, ჯერჯერობით, სათანადოდ არ არის განვითარებული“ – აღნიშნა გვასალიამ.
ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა. რეფორმის განხორციელებაში, მას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, „გლობალ ალიანსი“ დაეხმარება. აღნიშნული რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება.