მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში პირბადეების ტარების მაჩვენებელი მცირდება. „ჯანმრთელობის გაზომვათა“ ინსტიტუტის მონაცემებით, პირბადეს მოსახლეობის 50% ატარებს. წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 51 % იყო.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების წინა ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად აქვეყნებდა პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო მოქალაქეების დაჯარიმების სტატისტიკასა და ასეთი ფაქტების ამსახველ კადრებს, თუმცა მას შემდეგ, რაც, თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, 17 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრმა ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების დაბრუნების შესახებ განაცხადა, შსს-ს მსგავსი სტატისტიკა არ გაუსაჯაროვებია.
არსებული რეგულაციების აღსრულების შესახებ მონაცემებს მხოლოდ ჯანდაცვის უწყება, კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახური აქვეყნებს.
ერთერთი ბოლო ობიექტი, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, „სანსეტ ბათუმია“. რესტორანი დაილუქა, რადგან იქ ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.
21 და 22 აგვისტოს მონაცემებით, ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა.
შრომის ინსპექციის სამსახური საზოგადოებას დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს.
შეგახსენებთ, რომ გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების გარდა, მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მკაცრად გაკონტროლდება სოციალური ღონისძიებების – ქორწილების, ქელეხების და იუბილეების გამართვა, რაც მანამდეც მოქმედი რეგულაცია იყო, თუმცა აღსრულება არ ხდებოდა.