კოვიდ 19-ის უპრეცედენტოდ მასშტაბური ტალღის პირობებში მოსახლეობა პირბადეების ტარებას უბრუნდება. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ნიღბის გამოყენების მაჩვენებელმა 10 პროცენტით, 62%-მდე მოიმატა. ეპიდემიოლოგები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ვაქცინაციასთან ერთად დაინფიცირების საფრთხეების შემცირების ყველაზე ეფექტიანი საშუალება პირბადის სწორად (ცხვირსა და პირზე) ტარებაა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი ქვეყანაში ისევ მძიმეა და გაუმჯობესების ნიშნები არ ჩანს: გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი.