მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » პენსიონერები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შშმ პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან
პენსიონერები, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან.

პენსიონერები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შშმ პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან

პენსიონერები, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განუცხადა, ახალი სადაზღვევო პირობებით დაახლოებით 400 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს.

“1-ელი სექტემბრიდან პენსიონერების, 5 წლამდე ასაკის ბავშვების, სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლიბის მქონე პირების სამედიცინო დახმარების ადმინისტრირებას კერძო სადაზღვევო კომპანიების ნაცვლად სახელმწიფო მოახდენს. რაც შეეხება მათ პირობებს, მათ შეუნარჩუნდებათ იგივე სადაზღვევო პაკეტი, რაც ჰქონდათ დღემდე, უბრალოდ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომსახურების ოპერატიულობა და, ვფიქრობთ, მომსახურების ხარისხიც”, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ზაზა სოფრომაძის თქმით, პირებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან, გეგმურ ოპერაციებზე მოცდის დროც შეუმცირდებათ.

“კერძო სადაზღვევოს პირობებში იყო 4 თვე, ეს დრო შემცირდება მაქსიმუმ 2 თვემდე. გარდა ამისა, მათ პირველი სექტემბრიდან მიეცემათ თავისუფალი არჩევანის საშუალება. ანუ მათ შეეძლებათ სამედიცინო დახმარება მიიღონ იმ კლინიკაში, სადაც სურვილი აქვთ და არა იმ კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკებში, ან საკუთრებაში მყოფ კლინიკებში, სადაც ისინი დღემდე იყვნენ დაზღვეულები”, – განაცხადა სოფრომაძემ.

მისივე თქმით, პაციენტებს ნაცვლად სადაზღვევო კომპანიებისა შეეძლებათ მიმართონ საყოველთაო დაზღვევის ოფისებს, რომელიც მთელ საქართველოშია.

“ამ მხრივაც პრობლემა არ შეექმნებათ. ხშირად მეკითხებიან იმასაც, რომ პრობლემა ხომ არ იქნება რეგისტრაციის დროს. ჩვენ გვაქვს ყველა ბაზა ამ მოქალაქეების, რომლებიც მთავრობის 165-ე დადგენილებით სარგებლობენ. 31 აგვისტოს ღამის 12:00 საათზე ავტომატურად მოხდება მათი ჩვენს ბაზაში დარეგისტრირება და ამ მხრივაც არანაირი პრობემა არ შეიქმნება”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …