ამ ეტაპზე პედატრიულ კლინიკებში მულტისისტემური ანთების სინდრომის მქონე არცერთი მოზარდი არ მკურნალობს.
რამდენიმე თვეა ასეთი შემთხვევები არ დაფიქსირებულა „ნიუჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში. აღნიშნული ჩივილებით მიმართვიანობა შემცირებულია იაშვილის კლინიკაში, სადაც მულტისისტემური ანთების სინდრომისგან განკურნებული ბოლო პაციენტები – ორი ბავშვი ერთი კვირის წინ გაწერეს.
მულტისისტემური ანთების სინდრომი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ბავშვებში ვლინდება. „ნიუჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ციბაძემ jandacva.ge-ს განუცხადა, რომ დაავადება კორონავირუსის გადატანიდან 1-დან 4 თვემდე პერიოდში ვლინდება. კითხვაზე, რით ახსნის იმას, რომ პანდემიის მესამე, განსაკუთრებით კი მძიმედ მიმდინარე მეოთხე ტალღის პერიოდში ბავშვებში პოსტკოვიდური გართულებების შემთხვევები აღარ ფიქსირდება, დავით ციბაძე ამბობს, რომ ფართო გავრცელების მიუხედავად, „დელტა“ შტამს ბავშვებში განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობას არ ახასიათებს. თუმცა, მისივე განმარტებით, ბოლო კვირებში შემთხვევების მკვეთრი მატება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მულტისისტემური ანთების სინდრომის რისკს ისევ ქმნის. ამიტომ მედიკოსი მოუწოდებს კოვიდგადატანილი ბავშვების მშობლებს, შვილების სიმპტომები გამოჯანმრთელების შემდეგაც აკონტროლონ. ეს სიმპტომებია: მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, შეშუპება, ამ სიმპტომებს თანდართული სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი, გულის ფუნქციონირების დასუსტება.
აღნიშნული სინდრომი იშვიათ შემთხვევაში იჩენს თავს. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ამ დიაგნოზით 65-მდე ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ყველა გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსისგან გამოწვეულ ამ გართულებას სპეციალისტები იშვიათს უწოდებენ და ამბობენ, რომ სტატისტიკა საგანგაშო არ არის, დაავადება კი მართვას ექვემდებარება.