ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მითებს შორის ყველაზე ხშირად საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის დასახელდა ვაქცინით გამოწვეული უშვილობა, სხეულში ვაქცინასთან ერთად თხევადი ჩიპების შეყვანა, ვაქცინაციით გამოწვეული დნმ-ის სტრუქტურის შეცვლა, უკუჩვენებები რამდენიმე წელიწადში, „სისხლის გათეთრება“ (ლეიკემია) და ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინება.
ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში „COVID-19 და ვაქცინაცია წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორების კვლევა ახალგაზრდებს შორის“, რომელიც ქცევით მეცნიერებაზე დაფუძნებული მიგნებების მიხედვით, საქართველოს ხუთ რეგიონში (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და თბილისი) ჩატარდა.
კვლევა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ხუთ რეგიონში: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და თბილისი. კვლევის მიზანია შეისწავლოს და გააანალიზოს COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, ბარიერები და წამახალისებელი ფაქტორები. კვლევის ფარგლებში შეფასდა ფაქტორები, რომლებიც 18-29 წლის ახალგაზრდებს უბიძგებს COVID-19-ის ვაქცინით აცრისა ან მასზე უარის თქმისკენ.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შეთქმულების თეორიებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესზე ახალგაზრდებში.
2021 წლის (ოქტომბრის) მონაცემებით, 18–29 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 18 პროცენტია ორჯერადად აცრილი.
ახალგაზრდებს, რომელთაც ვირუსის ხელოვნურად გამოყვანის სჯერათ, ნაკლებად აინტერესებთ ვაქცინების შემადგენლობაც და მითებიც, ისინი იმთავითვე არ ენდობიან ვაქცინებს და დარწმუნებულნი არიან, რომ მათი არსებობა კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ისევე, როგორც თვითონ ვირუსი. ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამორჩეული რესპონდენტები არც გეგმიურ ვაქცინაციას მიმართავენ და არც COVID-19-ის ვაქცინაციას.
COVID-19-თან დაკავშირებული ძირითადი მითები შეთქმულების თეორიებს უკავშირდება, კერძოდ, მის ხელოვნურ გამოყვანა-გავრცელებას მსოფლიო მოსახლეობის შესამცირებლად და ამით ეკონომიკური ძალაუფლების მოპოვებას ეროვნული კორპორაციების მიერ (ჩინეთი)
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გამოწვევად რჩება სოფლად მცხოვრებთათვის და ეროვნული უმცირესობებისთვის. ინფორმაციის ნაკლებობა ამ სამიზნე პოპულაციაში მყარ საფუძველს ქმნის მითების გასავრცელებლად. შესაბამისად, ეს ადამიანები ვერც COVID-19-ით დაინფიცირების რისკს აცნობიერებენ და ვერც ვირუსის შესაძლო უარყოფით გავლენას ჯანმრთელობაზე. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დაბალანსებული და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება ვაქცინაციის რისკებსა და ეფექტიანობაზე, მათ შორის, კვლევებით გამყარებულ გვერდით ეფექტებზე, გავლენას ახდენს ვაქცინირების გადაწყვეტილებაზე.
ის ზრდის ნდობას და სარგებლის გააზრებას, რაც საქართველოში რეალური გამოწვევაა ახალგაზრდების ვაქცინირების კუთხით.
კვლევის მონაწილეთა უმრავლესობის აზრით და გამოცდილებით, ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი მითების დასამსხვრევად არის პირისპირ კომუნიკაცია.
კვლევის ანგარიშში მოყვანილია რამდენიმე მონაწილის გამონათქვამები:
„თუ ადამიანები არ იცრებიან, არ ნიშნავს, რომ ანტივაქსერები არიან, უბრალოდ, მათ რაღაც ინფორმაცია აკლიათ. პირისპირ უნდა დაუჯდე, აუხსნა და მიაწოდო მათთვის გასაგები ინფორმაცია, ასე დაითანხმებ აცრაზე“.
„მოსახლეობას, რომელსაც წაკითხულის გააზრება უჭირს, ბუკლეტით ვერ დააჯერებ, რომ აცრა აუცილებელია“
ფოკუსჯგუფებში ვაქცინაციისგან თავშეკავების ძირითად მიზეზად სახელდება არგუმენტირებული ინფორმაციის ნაკლებობა – რა სარგებელი მოაქვს ვაქცინას, გარდა იმისა, რომ ლეტალობა ნაკლებია ინფიცირების შემთხვევაში.
საინტერსოა კვლევის კიდევ ერთი ნაწილი – მონაწილეთა თანახმად, პატრიარქის ვაქცინაციას უდიდესი გავლენა ექნებოდა და ბევრ რამეს შეცვლიდა.
ფოკუსჯგუფებშიც და კითხვარის რესპონდენტთა 36,3 პროცენტშიც აღინიშნა, რომ საინფორმაციო არხებს შორის ყველაზე ხშირად სოციალური მედია გამოიყენება (მათ შორის, ვაქცინაციაზე ინფორმირების თვალსაზრისით). ამავე კონტექსტში, მეორე ადგილზე დგას პირადი საუბრები (15,5 პროცენტი), შემდეგ – სოციალური აპლიკაციები (14 პროცენტი) (Facebook, Twitter, Pinterest, Instagram და ა.შ.) და ბოლოს – ტელევიზია (10,8 პროცენტი).
ფოკუსჯგუფის მონაწილეებმა არაერთი მაგალითი გაიხსენეს, როდესაც ექიმებს დასარწმუნებლად საკუთარი მაგალითი მოჰყავთ: „მე ექიმი ვარ და არ ვიცრები და…“ მსგავსი დამოკიდებულების გავლენა გაცილებით მაღალია სოფლის მოსახლეობაში – „სოფლის ექიმი თუ არ იცრება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მთელი სოფელი არ იცრება“, – აღნიშნეს რეგიონის ფოკუსჯგუფების მონაწილეებმა.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ავტორები აღნიშნავენ, რომ ნიშვნელოვანია, სამიზნე აუდიტორიას თვითონ სახელმწიფო აწვდიდეს გაერთიანებულ ინფორმაციას ყველაზე ხშირად გამოყენებული არხების საშუალებით (მაგ: Facebook adds, Instagram; SMS; Viber და ა.შ.). მნიშვნელოვანია, ასეთი ინფორმაცია არ შეიცავდეს მოწოდებებს; ამასთანავე, ახალგაზრდებს მათთვის გასაგებ ენაზე აწვდიდეს დეტალურ, მეცნიერული კვლევებითა და სტატისტიკით გამყარებულ ინფორმაციას, რომლის მიზანია ნდობის ფორმირება.