მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „პანდემია არ დამთავრებულა, დაფიქსირებულია SARS-CoV-2-ის რამოდენიმე ახალი შტამი“

„პანდემია არ დამთავრებულა, დაფიქსირებულია SARS-CoV-2-ის რამოდენიმე ახალი შტამი“

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კვლავ კოვიდპანდემიას ეხება. განცხადების მთავარი პათოსი არის მოწოდება ვაქცინაციისკენ და იმის აღნიშვნა, რომ სახელმწიფო კოვიდ-პანდემიას კარგად მართავს.

განცხადებაში ნათქვამია:

„ბოლო თვეების მანძილზე შეიმჩნევა COVID სიტუაციის სტაბილიზაცია მთელ მსოფლიოში, მაგრამ პანდემია არ დამთავრებულა. ყოველდღიურად მსოფლიოში აღინიშნება 500-დან 700 ათასამდე ახალი COVID შემთხვევა და 1000-დან 2000-მდე COVID გარდაცვალება. ამ ფონზე გამორჩეულად კარგი მდგომარეობაა საქართველოში, სადაც დღეში ფიქსირდება საშუალოდ 100-მდე ახალი COVID შემთხვევა, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები ან საერთოდ არ არის (0), ან ერთეული შემთხვევაა (1,2). ბოლო ორი თვის მანძილზე საქართველოში ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით როგორც COVID ახალი შემთხვევების რაოდენობა (2411), ისე განსაკუთრებით COVID გარდაცვალების შემთხვევები (19) ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია ვიდრე ამერიკაში (66), კანადაში (87), პრაქტიკულად მთელ ევროპაში ერთეული გამონაკლისების გარდა და ასე განსაჯეთ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად გამოირჩეოდნენ COVID შემთხვევების და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლებით – სამხრეთ კორეა (122), ავსტრალია (88), ახალი ზელანდია (156), ჰონგ კონგი (120), იაპონია (20), ისრაელი (33) და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტის ე.წ. CFR-ის (case fatality rate) მსოფლიოს 113 ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი (1,02%). ყველაფერი ეს უპირველეს ყოვლისა განპირობებულია საქართველოში COVID პანდემიის კარგი მართვით, მათ შორის კარგი კლინიკური მართვით.

 

საქართველოში კარგადაა ორგანიზებული COVID დიაგნოსტიკა და COVID პაციენტთა ნაკადების მართვა კერძოდ, როგორც ბინაზე დარჩენილი (ამბულატორიული), ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტების კლინიკური მართვა. საქართველომ პირველმა რეგიონში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში შემოიტანა და პრაქტიკაში დანერგა უახლესი და სადღეისოდ ყველაზე ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი პაქსლოვიდი. ექიმების არსენალშია და ყველა COVID ავადმყოფისთვის ხელმისაწვდომია ე.წ. სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები: რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები (ვირუსის შესაბამისი შტამის დროს), ტოცილიზუმაბი, ბარიციტინიბი და სხვ. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ COVID პაციენტების – როგორც ბინაზე დარჩენილის (პაქსლოვიდით), ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტების ე.წ. პროაქტიურ მკურნალობას, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა COVID პაციენტების დამძიმების, რეანიმაციაში მოხვედრის და გარდაცვალების შემთხვევები.

 

მოსახლეობას აინტერესებს, COVID პანდემია დამთავრდა და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, თუ მოსალოდნელია COVID ახალი შემთხვევების მატება და ახალი ტალღების გაჩენა. მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს იმიტომ, რომ მათ უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზრუნავს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემია არ დამთავრებულა, რასაც მოწმობს ახალი შემთხვევების და გარდაცვალების საკმაოდ მაღალი რიცხვები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.

 

აგრეთვე ის, რომ დაფიქსირებულია SARS-CoV-2-ის რამოდენიმე ახალი შტამი. თუმცა მათი ფართედ გავრცელება არ მომხდარა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინაა ზაფხული და აქტიური ტურისტული სეზონი, რაც დაკავშირებულია მობილობის ზრდასთან და შესაბამისად გაზრდილ რისკებთან. ამიტომ თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური COVID ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – COVID-ის პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩავიტაროთ COVID ტესტირება და ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.“

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …