„დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ, თუ კლინიკა პაციენტს მაინც მოსთხოვს გათვალისწინებული პროცენტის გარდა დამატებით გადასახადს, პირველი გაფრთხილების შემდეგ ის ჩაიხსნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
„როდესაც დიარჯი-დაფინანსებაზე გადავალთ ნოემბრიდან, ასევე ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ პაციენტის მხრიდან თანაგადახდას. თანაგადახდა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფარგლებში – 0-დან 30%-მდე ფარგლებში, რასაც ჩვენ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის. მაგალითად სოციალურად დაუცველისთვის ეს 0 უნდა იყოს და არაფერს არ უნდა ამატებდეს. ზოგიერთისთვის 10% და ა.შ. აქამდე რაც იყო, რომ კლინიკები ვიპ-სერვისისთვის, ვიპ-ექიმისთვის და სხვადასხვა ტიპის მომსახურებებისთვის დამატებით თანხებს ანაზღაურებინებდნენ, ამას მკაცრად გავაკონტროლებთ და პირველი გაფრთხილების შემდეგ კლინიკა ჩაიხსნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და თუ სურვილი აქვს, დამოუკიდებლად გააგრძელოს კომერციული საქმიანობა. იანვრამდე ეს იქნება ერთგვარი საპილოტე რეჟიმი – შესაძლოა იყოს ხარვეზები ან რაიმე გაუაზრებელი ინფორმაცია შეიყვანონ და აქედან გამომდინარეა, რომ არ დავაჯარიმებთ და მკაცრ ზომებს არ მივმართავთ. იანვრიდან კი ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ და ყველა კლინიკა, რომელიც იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული, როგორც დაფინანსების ისე მომსახურების ხარისხის ნაწილში, მკაცრად გაკონტროლდება,“ – აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, თითო შემთხვევაზე 1000 ლარიანი ჯარიმა იმოქმედებს, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გაითიშება.
მისი თქმით, მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, სამედიცინო სერვისი იყოს ადეკვატური. მას მაგალითად სტენტირება მოჰყავს, როცა პაციენტი თანხას იხდის ჩადგმული სტენტების რაოდენობის მიხედვით. „დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ კი, ეს პრინციპი შეიცვლება – იქნება ერთი „დიარჯი“, ერთი ტარიფი და იმის მიუხედავად, ერთ სტენტს ჩაუყენებენ პაციენტს თუ 5-ს, დაგენერირდება ერთი დიარჯი.
„ზოგიერთ არაკეთილსინდისიერ კლინიკას არ ექნება მოტივაცია, 1 სტენტის მაგივრად 3 და 5 ჩაუდგას ადამიანს, რათა მეტი შემოსავალი მიიღოს. ასევე ყველა კლინიკაში ყველა მომსახურებაზე იქნება ერთნაირი ტარიფი და არ იქნება ქალაქებისა თუ კლინიკების დაბრენდვის პრემიუმობის მიხედვით. ყველა კლინიკაში იქნება ერთი ტარიგი იმ სამედიცინო სერვისების მიხედვით, რასაც მოქალაქე ჩაიტარებს“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკები ითხოვდნენ ტარიფების გადახედვას, რადგან ეს ტარიფების დღევანდელ ინფლაციასთან და გამოწვევებთან შესაბამისობაში არაა. საუბარი იყო ცალკე რეანიმაციის და კარდიოლოგიის სერვისების ტარიფების გადახედვას. დიარჯი სისტემა კი, აზარაშვილის განმარტებით, ამ ყველაფერსაც მოაგვარებს და ცალკე არ იქნება განსაზღვრული კარდიოლოგიური ჩარევის თუ რეანიმაციის ტარიფი. ტარიფი განისაზღვრება იმის მიხედვით, პაციენტის კლინიკაში შესვლიდან გაწერამდე რა სერვისებიც ჩაუტარდა მას.
„რასაც ჩვენ შეიძლება ვერ ვაკონტროლებდეთ და ხელოვნურად იყოს გაზრდილი სამედიცინო სერვისის ფასები და გვქონდეს გაზრდილი ხარჯები, ასევე რეანიმაციაში დაყოვნება – ეს მოტივაცია უკვე ნაკლებად იქნება და პაციენტები იმ დროს დაყოფენ რეანიმაციაშიც და კლინიკაშიც და იმ სერვისებს მიიღებენ, რაც ნამდვილად სჭირდებათ. ცალკე სერვისების მიხედვით დაფინანსების მიღების მოტივაცია კლინიკებს აღარ ექნებათ,“ – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების ახალი, „დიარჯი“ მოდელი ნოემბრიდან ამოქმედდება.
jandacva.ge