ექთნის პროფესია ქვეყანაში საინტერესო უნდა იყოს, პირველ რიგში კ ი – ფინანსურად, რადგან ამ პროფესიის დაუფლება მძიმე შრომას მოითხოვს, ისევე როგორც დიდი შრომაა საჭირო შემდეგ, მუშაობის პროცესში. ამის შესახებ ექიმმა რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა ჯანმოს ბოლო შეფასების კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც ექთნების ნაკლებობასა და ექიმების სიჭარბეზეა საუბარი.
„პაციენტების გამოსავლის 70% დამოკიდებულია ექთნის კვალიფიციურ შრომაზე და ეს ჩვენ გვავიწყდება, მათ შორის – პანდემიის დროსაც. დიდ მადლობას ვუხდიდით ექიმებს და გვავიწყდებოდა ადამიანი, რომლის მხრებზე და ფიზიკურ და მორალურ გამძლეობადე გადადიოდა ეს ყველაფერი. ეს შრომა უნდა გახდეს საინტერესო და ასე გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაში სახელმწიფო რესურსები ჩაიდება. თანხა უნდა წავიდეს იმ ინტერვენციებში, საიდაც ექთნებმა შეიძლება ადეკვატური ხელფასი მიიღონ,“ – აღნიშნა კალოიანმა.
შეგახსენებთ: ჯანმოს ბოლო ანგარიშის თანახმად, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია.
ჯანმოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექთნების რიცხვი 2013 წლიდან იზრდება, მაგრამ ის ძალიან დაბალია ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
„2020 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 555 ექთანი მოდიოდა. შორეულ და სოფლად დასახლებულ პუნქტებში სამუშაოდ პერსონალის დაქირავება და შენარჩუნება მნიშვნელოვანი პრობლემად რჩევა და სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.
სამედიცინო პერსონალის უმეტესობა მუშაობს სტაციონარულ დაწესებულებებში. 2019 წელს ეს მოიცავდა ექიმების 52%-ს და ექთნებისა და ბებიაქალების 71%-ს. პირველადი ჯანდაცვის უახლესი რეფორმა ითვალისწინებს მულტიდისციპლინური ჯანდაცვის გუნდების ქსელზე გადასვლას, ექთნებისა და სოციალური მუშაკების როლის ზრდით“, – ნათქვამია ჯანმოს ანგარიშში.
ივლისის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის მინიმალური ანაზღაურება დააწესონ.
„მთლიან სექტორში ვსაუბრობთ დაახლოებით 60 ათასამდე ასეთ დასაქმებულზე. საპილოტედ უკვე რამდენიმე თვეა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავუშვით მინიმალური ანაზღაურების სისტემა, სადაც მინიმალურ ფიქსირებულ ანაზღაურებას ვაძლევთ ექიმებს და ქვედა რგოლის იმ მომგებიანობიდან გამომდინარე, რაც სექტორს აქვს, მოვუწოდებ, სექტორმა თავისის სურვილით გადახედოს მათ ხელფასებს, აიღოს ჩვენი მაგალითი, რა შეიძლება ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე იყოს მინიმალური ანაზღაურება ექიმებისთვის და ექთნებისთვის. დაწყებული გვაქვს კონსულტაციები, თუ რა შესაძლებლობა შეიძლება არსებობდეს, როცა სამედიცინო სერვისს სახელმწიფო ანაზღაურებს, რომ ჩავდოთ მინიმალური ანაზღაურება ექიმებისთვის, ექთნების, სანიტრებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც ისინი თავიანთი შრომიდან და კვალიფიციკაციიდან გამომდინარე იმსახურებენ,“ – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება ამ ახალი ვალდებულების ამოქმედების ვადებს, ზურაბ აზარაშვილს ზუსტი ვადები არ დაუსახელებია.