ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის გაზრდილ მაჩვენებელში უკვე აისახა.
ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განმარტებით, თუ გასული დღეების განმავლობაში მათ კლინიკას დღეში 7 პაციენტი მიმართავდა, ბოლო დღეს 36 ინფიცირებული მოათავსეს. მისი თქმით, თუ ადამიანები რეგულაციებს არ დაიცავენ, ექიმები შესაძლოა, იძულებულნი გახდნენ, თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო, პაციენტებს მიღებაზე უარი უთხრან, რადგან ადგილები ლიმიტირებულია და ახლა ციციშვილის კოვიდ-განყოფილებაში არსებული 175 საწოლიდან 106 დაკავებულია. მათ შორის არიან ინფიცირებული ბავშვების მშობლებიც.
„შემოსვლებმა მკვეთრად იმატა. პაციენტებს ძირითადად მოგზაურობის და დასვენების ისტორია აქვთ სხვადასხვა კურორტზე. თუ არ შევიცვალეთ ქმედების ტაქტიკა და სტრატეგია, აუცილებლად მივალთ იმ შედეგებამდე, როცა პაციენტების მიღებაზე უარის თქმა მოგვიწევს. მართალია, ომიკრონი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ არავის უთქვამს, რომ არ არის გართულება და მძიმე შემთხვევები. ამ მდგომარეობის სტატისტიკით მინიმუმ 5%-იანი ჰოსპიტალიზაცია აქვს ამ დაავადებას. 65 ათასის შემთხვევაში 5%-იანი ჰოსპიტალიზაცია ამოწურავს საწოლების იმ რაოდენობას, რომელიც კოვიდპაციენტებისთვისაა განკუთვნილი,“ – განაცხადა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის განცხადებით, უახლოეს კვირებში ქვეყანაში შესაძლოა დღიურად ინფიცირების 60 ათასი შემთხვევა იყოს, საიდანაც ლაბორატორიულად მხოლოდ მესამედი დაფიქსირდეს.
ექიმები მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან და აიცრან. დავით რეხვიაშვილის განცხადებით, ვაქცინაციის მნიშვნელობას მათი კლინიკის სტატისტიკა ადასტურებს, სადაც ინფიცირებული ბავშვების 18 აცრილი მშობელია მოთავსებული, მათგან ინფექცია მხოლოდ 8-ს აქვს დადასტურებული, დანარჩენებს კი შვილებისგან კოვიდი არ გადადებიათ.