მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პაატა იმნაძე: ვაქცინირებული ადამიანი ინფიცირების შემთხვევაში 50%-ით ნაკლებად გადამდებია

პაატა იმნაძე: ვაქცინირებული ადამიანი ინფიცირების შემთხვევაში 50%-ით ნაკლებად გადამდებია

აცრილი მოქალაქეების ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში ისეთივეა, როგორც მსოფლიოში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთჯერადად აცრილთა შემთხვევაში ესაა 0,8% (დაახლოებით 1240 მოქალაქე), ხოლო ორჯერადად იმუნიზებულებს შორის 0,2% (დაახლოებით 75 ადამიანი).

იმნაძე ხაზს უსვამს, რომ ვაქცინა პირველ რიგში იცავს სასიკვდილო გართულებებისგან და რეანიმაციაში მოხვედრისგან და ყველა შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვაქცინაციის შემდეგ მაინც დაინფიცირდა, მსუბუქი იყო,  თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევებს, როცა დაინფიცირება აცრიდან მე-3-4 დღეს მოხდა – ეს ის პერიოდია, როცა ვაქცინამ ვერ მოასწრო მუშაობა.

ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინირებული ადამიანი, ინფიცირების შემთხვევაში, 50%-ით ნაკლებად გადამდებია, ანუ პრაქტიკულად არ არის გამავრცელებელი, რაც, იმნაძის შეფასებით, საზოგადოებრივი სიკეთეა.

პაატა იმნაძემ იმუნიზაციის ტემპებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აცრების დღიური მაჩვენებელი უკვე 6 ათასს გადასცდა, და გამოთქვა იმედი, რომ ივლისის თვე იქნება პერიოდი, როდესაც ქვეყანაში რეალურად მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და აცრების დღიური ტემპები გაორმაგდება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ივლისის თვე იქნება ქვეყანაში რეალურად მასობრივი აცრების დაწყების თვე. გვექნება  ნახევარი მილიონი ვაქცინის მარაგი მაინც. შემდგომ თვეებში ვაქცინების მოწოდების კარგი იმედები გვაქვს, ესაა „სინოფარმი“, „ფაიზერი“, შემდეგ დაემატება „ნოვავაქსი“, „ჯონსონი და ჯონსონი“. გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა შეხვედრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც არის ვაქცინაციის გამტარიანობით ლიდერი, ამ კლინიკაში ყველა აცრის 20% მოდის, სისტემა კარგადაა აწყობილი. იყო შეხვედრა  სხვადასხვა ჰოსპიტალური ქსელის და პირველადი ჯანდაცვის ობიექტების ხელმძღვანელობასთან. დამუშავებულია იმუნიზაციისთვის დიდი სივრცეების გამოყენების კონკრეტული სქემა, როგორც სხვა ქვეყნებშია – სტადიონებზე, საგამოფენო დარბაზებში.

არის დაწვრილებითი გეგმა და მიმდინარეობს ადგილების შერჩევა, რაც დიდ ქალაქებსი მოხდება,“ – განაცხადა  პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, შესაძლოა დაინერგოს ადგილზე რეგისტრაცია და ვაქცინის მისაღებად წინასწარ რეგისტრაციის გავლა არ იყოს აუცილებელი.

იმნაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელიწადზე მეტია ადამიანებს რეგულაციებით უწევთ ცხოვრება, ახლა კი პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოხსნილია, რჩება  პირბადის ტარების ვალდებულება, რაც, მისი შეფასებით, არის საწინდარი, რომ ყველა სხვა რეგულაცია მაქსიმალურად მოიხსნას. პაატა იმნაძის ინფორმაციით, 100 ათას მოსახლეზე ავადობით საქართველო ევროპაში ერთერთ პირველ ადგილზეა და უნდა მიექცეს ყურადღება, რომ საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ადგილი იყოს, რაც, ეპიდაფეთქების ვითარებაში, ვერ მოხდება.

პაატა იმნაძის თქმით, პირბადეების გარე სივრცეებში მოხსნის რეკომენდაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მაღალი იქნება აცრილი მოსახლეობის წილი და შემცირდება ინფექციის გავრცელება. მისი განმარტებით, ავადობის მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული „კომენდანტის საათის“ მოხსნაც.

„11 საათზე ტურისტის სახლში მისვლა მირჩევნია დღეში ჩემი 30 თანამოქალაქის  გარდაცვალებას,“ – განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …