მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პაატა იმნაძე აცრისწინა გამოკვლევების დანიშვნაზე: “მიზანია, რომ ადამიანებს ფული დაახარჯვინონ”

პაატა იმნაძე აცრისწინა გამოკვლევების დანიშვნაზე: “მიზანია, რომ ადამიანებს ფული დაახარჯვინონ”

ვაქცინირებული ადამიანი, შესაძლოა, თავად ავად არ გახდეს, თუმცა იყოს ვირუსის მატარებელი და გამავრცელებელი. ამ განმარტებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აკეთებს და ამბობს, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით, პირბადის ტარება და უსაფრთხოების სხვა ზომების დაცვა აუცილებელია, ვიდრე  მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ იქნება ვაქცინირებული.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ჩატარებული კვლევები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ვაქცინა ადამიანს, მინიმუმ ერთი წელი დაიცავს. თუმცა შემდგომ შესაძლოა რევაქცინაციის საჭიროება დადგეს, რის შესახებაც ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.

„შესაძლოა, კოვიდის ვაქცინაცია ისეთივე ყოველწლიური იყოს, როგორც, მაგალითად,  გრიპის ვაქცინის შემთხვევაშია. შესაძლოა ერთ წელზე მეტი და ორი წელიც დაიცვას ადამიანი, თუმცა  დღემდე, რაც ვაქცინის გამოყენებაა დაწყებული, ცნობილია, რომ ვაქცინა ნამდვილად იცავს მინიმუმ 6 თვე და ცოტა მეტიც,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება აცრის წინა გამოკვლევებს, რომლისკენაც ექიმების ნაწილი პაციენტებს მოუწოდებს, იმნაძის თქმით, მსოფლიოს არცერთ კვეყანაში  – საუბარია სერიოზულ კვლევებზე – ვაქცინაციის წინ არანაირი გამოკვლევა არ არის რეკომენდებული.

„ძალიან დიდი ბოდიში კოლეგებთან, ვინც ასეთ კვლევებს არეკლამებენ, მაგრამ მიზანია, რომ ადამიანებს ფული დაახარჯვინონ ანალიზების კეთებაში. თუ ადამიანს პერიოდული კვლევის ჩატარება სურს, ეს ყოველთვისაა შესაძლებელი და ამის ვაქცინაციასთან დაკავშირება არაფრით არ შეიძლება. კატეგორილად ვამბობ – არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, რადგან ამის საფუძველზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ექიმი ვერ მიღებს –  საჭიროა თუ არა ვაქცინაცია. ბუნებაში არ არსებობს არანაირი ალგორითმი,  რომელიც განსაზღვრავს, რომ ამ დროს შეიძლება აცრა და ამ დროს არა. ეს არის ტყუილი!“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …