მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » პაატა ბაირახტარი: საქართველოში ექთნების დაბალი ხელფასები „ევექსის“ „დამსახურებაა“

პაატა ბაირახტარი: საქართველოში ექთნების დაბალი ხელფასები „ევექსის“ „დამსახურებაა“

თუკი რომელიმე კერძო სამედიცინო დაწესებულებას ან ქსელს არ მოსწონს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაწესებული ტარიფები და ფიქრობს, რომ ეს ტარიფები მათი ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის, შეუძლია დატოვოს ეს პროგრამა და ბიზნესი კერძო დაზღვევის, მაგალითად პრემიუმ -სეგმენტის ხარჯზე აკეთოს.

ამის შესახებ ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა ბოლო პერიოდში კლინიკების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა. საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მოთხოვნაზე, ინფლაციისა და კომუნალური გადასახადების ზრდის გათვალისწინებით, გადაიხედოს 2013 წლიდან დაწესებული ტარიფები. მაგალითად, „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილის ეკატერინე ქავთარაძის განცხადებით,  საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისები რომ ხელმისაწვდომი იყოს, აუცილებელია, რომ ტარიფი ერთის მხრივ ხარისხიანი მომსახურების გაზრდის შესაძლებლობას იძლეოდეს და მეორეს მხრივ, სექტორს შესაძლებლობას აძლევდეს, განავითაროს სერვისები ანუ მოახდინოს რეინვესტირება. ეს კი, სექტორის პოზიციით, ძველი ტარიფებით ვერ მოხდება. მისივე თქმით, დაბალი ტარიფია იმის მიზეზი, რომ ხდება  ექთნების უცხოეთში გადინება და ეს თანამშრომლები რომ შეენარჩუნებინა, „ევექსმა“5 მილიონი ლარი გამოყო. ქავთარაძის თქმით, თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობას,  სიტუაცია წლის ბოლოს სექტორს ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს.

პაატა ბაირახტარის თქმით, მას კარგად ესმის „ევექსის,“ როგორც ბიზნესის, და ნებისმიერი ბიზნესი, რომელსაც მოგება შეუმცირდებოდა, ასე მოიქცეოდა, თუმცა ეკონომისტი ამბობს იმასაც, რომ ბიზნესმა მოგება ბიუჯეტის ხარჯზე არ უნდა მიიღოს.

„როცა კლინიკა ხარისხზე საუბრობს,  არ დაგვავიწყდეს ის დაბალი ხარისხის მომსახურება ამბულატორიული თუ ჰოსპიტალური მიმართულებით, რომელსაც, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ზრდის პირობებში, ეს კლინიკა მოსახლეობას სთავაზობდა.  სირცხვილია, როცა ეს ქსელი ექთნების გადინებაზე საუბრობს, რადგან ის, რომ დღეს საქართველოში ექთნებს დაბალი ხელფასი აქვთ, სწორედ „ევექსის“ „დამსახურება“: როცა ეს ქსელი იქმნებოდა, მას სჭირდებოდა კვალიფიციური და ცნობილი ექიმები, ამიტომ მათ მაღალი ანაზღაურება შესთავაზა, რაც ექთნების ხელფასების ხარჯზე დააბალანსა. მაშინ ექთნებს უთხრეს – თუ არ მოგწონთ ეს ხელფასი, სხვაგან წადითო. ამის შედეგია ის, რომ საქართველო, რეგიონში ყველა ქვეყანას ჩამოუვარდება ექთნების ხელფასის რაოდენობით. ეს ქვეყნებია თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი,“ – განაცხადა პაატა ბაირახტარმა jandacva.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ბიზნესკომპანიას, რომელსაც სექტორში 50 მილიონი აქვს ინვესტირებული და რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე თვეც კი ვერ იარსებებს სახელმწიფოს დაფინანსების გაზრდის გარეშე, პრეტენზია ვერ ექნება კარგ მენეჯმენტზე.

პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა ეფუძნებოდეს რამდენიმე მძლავრ სახელმწიფო კლინიკას, კერძო სექტორს კი მასში არ უნდა ჰქონდეს იმდენი წილი, რომ შეეძლოს სახელმწიფოს დაშანტაჟება საყოველთაო პროგრამიდან გასვლის მუქარით, რისი ნიშნები უკვე არის.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …