ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების კუთხით სხვადასხვა ცვლილება იგეგმება. ამის შესახებ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თენგიზ გენძეხაძემ განაცხადა. მისი თქმით, კიბოს სამკურნალო პროგრამა ერთ პაციენტზე გაიზარდა და მისი ლიმიტი 20 ათასი ლარის ნაცვლად წელს 25 ათასი ლარი გახდა, თუმცა საკმარისი არც ესაა და ცვლილებებზე მუშაობა დაწყებულია.
„წლიური ლიმიტი 20 ათასიდან 25 ათას ლარამდე გაიზარდა და ეს დიდი შვებაა ჩვენი მოქალაქეებისთვის. თუმცა ვთვლით, რომ ეს არაა საკმარისი და უფრო მეტია საჭირო. ამიტომ ამ მიმართულებით ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და სხვადასხვა ცვლილება იგეგმება, რის შესახებაც საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი და ეს სიკეთისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ – განაცხადა გენძეხაძემ.
სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსების სქემის მოსალოდნელ ცვლილებაზე რამდენიმე დღის წინ jandacva.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სიმსივნეების მკურნალობის დაფინანსება დიაგნოზთან შეჭიდული გახდება და ეს ცვლილება ძალაში მიმდინარე წელს შევა.
შეგახსენებთ, რომ ონკოლოგები და პაციენტები სწორედ დიაგნოზთან ბმული, ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული დაფინანსების ამოქმედებას ითხოვენ. მათი თქმით, ზოგიერთი სიმსივნის შემთხვევაში 25 ათასი ლარის დაფინანსება საჭირო არაა, ზოგიერთი კიბოს მკურნალობა კი გაცილებით მეტ თანხას მოითხოვს.
პარლამენტის უმრავლესობის წევრისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის განცხადებები იძლევა პოზიტიური მოლოდინის საფუძველს, რომ სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსების მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში შეიცვლება. მოთხოვნებს შორის ასევეა ერთიანი სტანდარტიზებული უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის შექმნა, რომელზე უარესი პაკეტების შეთავაზების უფლება სადაზღვევო კომპანიებს არ ექნებათ. აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი ისაა, რომ კერძო დაზღვევის პაკეტებში ხშირ შემთხვევაში ონკოლიმიტები დაბალია ან საერთოდ არაა გათვალისწინებული და ამ კუთხით საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება ბევრად მაღალია. რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს ამ მიმართულებით – ამ ეტაპზე უცნობია.