მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ომიკრონი შესაძლოა 7-8 მეტრზეც კი გავრცელდეს – სპეციალისტი პირბადის ყოველ საათში გამოცვლას გვირჩევს

ომიკრონი შესაძლოა 7-8 მეტრზეც კი გავრცელდეს – სპეციალისტი პირბადის ყოველ საათში გამოცვლას გვირჩევს

გავრცელების სიმარტივით ომიკრონი წითელას გავს და კორონავირუსის ეს შტამი, შესაძლოა, დაინფიცირებული ადამიანიდან 5-7 მეტრის მანძილზე მყოფ ადამიანს გადაედოს იმ შემთხვევაში, თუ მათ პირბადე არ უკეთიათ ან წესების დარღვევით მოიხმარენ.

ამის შესახებ jandacva.ge-ს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა. მისი განმარტებით, გავრცელების სწორედ ასეთი უნარით გამოირჩევა წითელა, თუმცა წითელას აფეთქებას ხელი ვაქცინაციამ შეუშალა.

ბოლო პერიოდში, რაც ქვეყანაში ომიკრონის შტამი ცირკულირებს, არაერთი ადამიანისთვის გაუგებარია, როგორ დაინფიცირდა, როცა სრულადაა ვაქცინირებული და უსაფრთხოების წესებსაც (პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავის არიდება) ზედმიწევნით იცავდა.
ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ომიკრონის შემთხვევაში დაინფიცირების რისკები გაზრდილია არა მხოლოდ ამ შტამის მაღალი გადამდებლობის, არამედ იმის გამოც, რომ საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის მაღაზიებში, მოქალაქეები დისტანციას აღარ იცავენ, შიდა სივრცეებში ხდება დასაშვებზე მეტი ადამიანის თავმოყრა. გარდა ამისა, ინფექციონისტის თქმით, ადამიანები პირბადეს წესების დაცვით აღარ ატარებენ – ექიმის რეკომენდაციაა, სამედიცინო პირბადე ყოველ საათში, მაქსიმუმ კი 2-3-საათიანი მოხმარების შემდეგ გამოვცვალოთ, რადგან ხანგრძლივი ხმარების შემხვევაში ის კარგავს დამცველობით უნარს.

 

გოგინავა განმარტავს, რომ ომიკრონი ჰაერწვეთონავი გზით, აეროზოლებით გადადის, ამიტომ, მაგალითად მაღაზიასა და აფთიაქში, ასევე ტრანსპორტში თუ ადამიანები არ იცავენ დისტანციას, არ უკეთიათ ან 2-3 საათზე მეტი ხნის წინ გაკთებლი პირბადე უკეთიათ, დაინფიცირებისთვის 2-3 წუთიც კი საკმარისია.

 

“რაც შეეხება ვირუსის ზედაპირებიდან გადასვლის შესაძლებლობას, ამას სპეციალისტები წინა შტამების დროსაც იკვლევდნენ, თუმცა არაა მონაცემები, რომ ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული საფრთხე არსებობს, მათ შორის ომიკრონის შტამის შემთხვევაში. თუმცა სახელურების დეზინფექცია და ხელების ჰიგიენა მნიშვნელოვანია რადგან თუ ინფიცირებული მაგალითად სახელურს შეეხო და ორ წუთში მას ხელი სხვა ადამიანმა მოკიდა, შესაძლოა დაინფიცირდეს. ახლა ადამიანები იმდენად აღარ იცავენ უსაფრთხოების ზომებს, როგორც ეს ადრე იყო – თქვენ გახსოვთ, რომ მაღაზიებში დიტანცია იყო დაცული, ახლა კი რიგები დგას, დისტანციაც დარღვეულია, ხშირად ადამიანებს პირბადე არ უკეთიათ ან უჭირთ მისი ხშირ-ხშირად გამოცვლა. იდეალურია, თუ პირბადეს ყოველ ერთ საათში გამოვიცვლით, თუმცა 2-3 საათში მაინც აუცილებლად უნდა შევცვალოთ, რადგან დიდი ხნის გამოყენებული პირბადე წვეთებისთვის ბარიერი აღარაა,” – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მისი განმარტებით, ინფიცირებულებისა და არაინფიცირებულების მიერ ნიღბის სწორად ტარება დაავადების გადაცემის რისკს 50-60%-ით ამცირებს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს ერთერთი გაიდლაინის თანახმად, რომელიც კოვიდ 19-ის პედიატრიულ კლიკებში მართვას ეხება, ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შემდეგი სამი გზით ხვდება: 1. ძალიან წვრილი რესპირაციული წვეთების და აეროზოლის ნაწილაკების ინჰალაცია (შესუნთქვა) . 2. რესპირაციული წვეთების და ნაწილაკების პირდაპირი მოხვედრა პირის, ცხვირის ან თვალის დაუცველ ლორწოვან გარსებზე; 3. ლორწოვან გარსებზე ხელით შეხება, რომლებიც დაბინძურებულია უშუალოდ ვირუსის შემცველი რესპირაციული სეკრეტით ან ხელი შეეხო იმ ზედაპირს, რომელზეც ვირუსი მოხვდა.

“SARS-COV-2-ის გადაცემა ძირითადად ხდება რესპირაციული წვეთებითა და აეროზოლებით, რომლებიც წარმოიქმნება ხველის ან ცემინების დროს, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ცხვირზე, პირზე ან თვალებზე. აეროზოლები და წვეთები კონტინიუმის სხვადასხვა ნაწილია და ინდივიდისგან სხვადასხვა პროპორციები გამოიყოფა, აქტივობის სახეობიდან გამომდინარე, როგორიცაა საუბარი, ხველა ან ცემინება. ვირუსის გადაცემის რისკი ყველაზე დიდია ინფექციური წყაროდან ერთიდან ორ მეტრამდე მანძილზე, სადაც წვრილი წვეთებისა და ნაწილაკების კონცენტრაცია ყველაზე დიდია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის რესპირაციული წვეთები (> 5 μm) ჰაერიდან საკმაოდ სწრაფად ეცემა, აეროზოლებს, რომლებიც შეიცავს უფრო მცირე ნაწილაკებს (< 5 μm), შეუძლიათ უფრო დიდ დისტანციებზე გადაადგილება – ოთხიდან 8 მეტრამდე მანძილზე. SARS-COV-2 შეიძლება სიცოცხლისუნარიანი დარჩეს აეროზოლებში 3 სთ-მდე და მისი ინფექციური ტიტრი ამ პერიოდის განმავლობაში 20%-ზე ნაკლებად მცირდება.

SARS-COV-2-ის აფეთქებამ (მაგ., რესტორანში, ავტობუსში) ხაზი გაუსვა ინფექციის უფრო გრძელ მანძილზე ჰაერით გავრცელების შესაძლებლობას დახურულ, ცუდად ვენტილირებად სივრცეებში. ექსპერიმენტული კვლევები ასევე მხარს უჭირენ ვირუსის ჰაერით გადაცემის შესაძლებლობას. მაგალითად, კვლევებში, რომლებშიც გამოყენებული იყოს ამონასუნთქის ვიზუალიზაცია, ნაჩვენები იქნა, რომ რესპირაციული წვეთები შეიძლება გაზის ღრუბლის სახით გადატანილი იქნეს ჰორიზონტალური ტრაექტორიით ორ მეტრზე მეტ მანძილზე საუბრით, ხველებით ან ცემინებით.

ვირუსი ყველაზე გადამდებია სიმპტომების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში, თუმცა შესაძლებელია გადაცემა სიმპტომების გამოვლენამდე ორ დღით ადრე (პრე-სიმპტომური გადაცემა) და დაავადების შემდგომ ეტაპებზეც.

კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის ინფექციური პერიოდი, იაპონიაში ჩატარებულ კვლევაში, ხასიათდებოდა ვირუსის რნმ-ის მაქსიმალური გამოყოფით სიმპტომების გამოვლენიდან მე-3-6 დღეს და მე-10 დღეს რესპირაციულ ნაცხებში ვირუსი უკვე აღარ აღინიშნებოდა,” –ნათქვამია გაიდლაინში.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …