რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო მართვა სამედიცინო სფეროში და შეუძლია თუ არა სახელმწიფო კლინიკებს, ძლიერი კონკურენცია გაუწიონ კერძო სექტორს?
ამ თემაზე jandacva.ge-სთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო შელიამ.
მისი თქმით, ბევრი ფაქტორი არსებობს დამკვიდრებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმად კერძო ნიშნავს უკეთეს ხარისხს, მათ შორის სამედიცინო სექტორში.
„სახელმწიფოს ბაზაზე მძლავრი ჰოსპიტალური სერვისის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე თავად სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო მართვის ფარგლებში შესაძლებელია უკეთ დაკმაყოფილდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის განმსაზღვრელი ეროვნული სტანდარტები, რომელიც დადგენილია თავად სახელმწიფოს მიერ. არ არის ორიენტირებული ფინანსურ მოგებაზე და მომსახურების ფასები მაქსიმალურადაა მიახლოებული ფაქტობრივ ღირებულებასთან. ეს კი ჯანდაცვას ბევრად ხელმისაწვდომს ხდის მოქალაქისთვის და მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოსთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყაროა.
დაწესებულების შემოსავალი გამოიყენება თავად დაწესებულების და მისი პერსონალის განვითარებისთვის, ტექნოლოგიების განახლებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის,“- განაცხადა შელიამ.
მისივე თქმით, სახელმწიფო კლინიკები ძირითადად მრავალპროფილური მომსახურების მიმწოდებელია და მომსახურების დიდი მოცულობით მიწოდების შესაძლებლობა აქვს. ეს კი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, როდესაც საჭიროა პაციენტების დიდი ნაკადების მართვა, მაგალითად ეპიდემიების, პანდემიების, სტიქიური მოვლენების თუ სხვა საგანგებო მდგომარეობების დროს, რაც დაადასტურა COVID-პანდემიამ.
სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაა, თუმცა შელია ამბობს იმასაც, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, სახელმწიფო კლინიკებს უჭირთ კონკურენცია გაუწიონ კერძო, მაღალმომგებიან კლინიკებს, სადაც სამედიცინო აპარატურა და ჰოსპიტალური გარემო ბევრად კეთილმოწყობილია.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო კლინიკებში ამ კუთხითაც დაძრულია პროცესი.
„ჰოლდინგის დაქვემდებარებაში არსებული კლინიკების ნაწილში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, თუმცა რეაბილიტაციის საჭიროება კლინიკების ნაწილში ისევ დგას. გარდა კლინიკის ინფრასტრუქტურისა, უმნიშვნელოვანესი საკითხია სამედიცინო აპარატურა და აჭღურვილობა, ამ მიზნით ჰოლდინგს უკვე დაწყებული აქვს კლინიკების სათანადო აპარატურით მომარაგება; მათ შორისაა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკები და ამბულატორიები, რომელთა გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია რეგიონებში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად,“ – განაცხადა სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, როგორც ყველა ქვეყნისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გააჩნდეს საკუთარი მძლავრი სამედიცინო რესურსები.
„წლების განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესების შედეგად, საქართველოს მთლიანი საწოლფონდი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის 85%-15% პროპორციით განაწილდა, რაც წინააღმდეგობაშია ევროპის ქვეყნების გამოცდილებასთან. ამიტომაც გადაიდგა ნაბიჯი სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მიმართულებით და შეიქმნა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი,“- აღნიშნავს ჰოლდინგის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის თანახმად, რომელიც ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა, 2030 წლისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა (ყველა სახის) ამჟამინდელი 16%-დან 30%-მდე უნდა გაიზარდოს.
გეგმის თანახმად, უნდა მოხდეს ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ჰოსპიტალური სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება კი ხარისხის მთავარი განმსაზღვრელია. გეგმის თანახმად, უნდა გაიზარდოს საერთაშორისო აკრედიტაციის (KTQ International, ISO, JCI და სხვ) მქონე სტაციონარების წილი.
jandacva.ge