„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ვაქცინაცია, ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვა.
“ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ჯამურ აქტიურ შემთხვევებთან 15.5%. რომ გვესმოდეს, ამაზე ქვემოთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის დაწევა აქტიურ შემთხვევებთან მიმართებაში ძალიან რთული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი შემთხვევებისთვის (ინფიცირების ეს ტემპი თუ გაგრძელდა) უნდა მოხდეს ახალი საწოლების მობილიზება,რომლის დიდი რესურსიც ქვეყანას უბრალოდ აღარ აქვს ფიზიკურად.
ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს სისტემა ინფრასტრუქტურულად მუშაობს იმ კრიტიკულ ზღვართან ახლოს, რომლის იქით უბრალოდ ვეღარ შეძლებს მომსახურების გაწევას ჩვენი მოქალაქეებისთვის. რაც უნდა მაგრად მოვემზადოთ უბრალოდ ამ რაოდენობას ინფიცირებულების სისტემა ვერ ეყოფა. (ამ წუთისთვის ყველა ჩვენი ინტენსიური კოვიდ საწოლი დაკავებულია მათ შორის პედიატრიული).
ამას ემატება ძალიან დიდი ფიზიკური და ემოციური გადაძაბვა ჩვენი სამედიცინო პერსონალის, რომელიც 18 თვეა უკვე ამ ომშია განუწყვეტლივ… გაფიქრებაც კი მზარავს მაგ ზღვართან რომ მივიდეთ, რა მოხდება… სამწუხაროდ, ჩვენი ექიმები იძულებული გახდებიან პაციენტების გადარჩევა დაიწყონ იმის მიხედვით ვისაც მეტი შანსი ექნება გადარჩენის! (ალბათ ხვდებით რომ ამ ყველაფერს ვინმეს მონაყოლს და ჭორად მოსმენილს არ გიყვებით, ჩვენი ჯგუფი ახორციელებს დღეს ყველაზე მეტი კოვიდ საწოლის, ისევე როგორც იმუნიზაციის ბრიგადების მიწოდებას ქვეყნისთვის)