იმედი მქონდა, რომ რომ მწვანე პასპორტი უფრო მწვანე პასპორტი იქნებოდა, ხვალ კი ვიღებთ „მწვანე პასპორტს,“ რომელსაც ის ეფექტი არ ექნება, რომლის მიღებაც გვსურს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „მწვანე პასპორტის“ მიზანია, მოხდეს ვაქცინაციის ირიბი სტიმულირება გარკვეული დისკომფორტების შექმნით იმ მოსახლეობისთვის, ვინც არაა ვაქცინირებული
ნიკოლოზ გამყრელიძე მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს მწვანე პასპორტის კონცეფცია და მისი პირობები უფრო უნდა გამკაცრდეს, კერძოდ შეიცვალოს ის, რომ კოვიდგადატანილს აქვს მუდმივი პასპორტი.
გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილს აქვს რისკი, რომ ინფექცია მეორედ დაემართოს. ამიტომ საქართველო არ უნდა იყოს განსაკუთრებული და იმ გზით უნდა წავიდეს, რომელსაც მთელი
მსოფლიო ადგას, რომელიც კოვიდგადატანილებს გამოჯანმრთელებიდან 6 თვეზე მეტი ვადით არ აძლევს მწვანე საშვით სარგებლობის უფლებას.
მისივე თქმით, „მწვანე პასპორტი“ სხვა ობიექტებზეც უნდა გავრცელდეს და მისი მოქმედება მხოლოდ გასართობი და კვების ობიექტებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
შეგახსენებთ: ხვალიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. მოქალაქეს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“-ტესტი ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.