საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ შემდგომ პერიოდში მუდმივ მწვანე სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება შეიცვლება იმის მიხედვით, რა საჭიროებაც გამოიკვეთება.
„ეს ყველაფერი არის გამოწველი იქიდან, რომ ჩვენ გვესაჭიროება მოქნილობა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ასევე დავაკვირდებით საზოგადოების აღქმას და დამატებით გადაწყვეტილებებს კიდევ მივიღებთ საბჭოზე. დავაკვირდებით ამ პროცესს და გადაწყვეტილება შეიცვლება იმის მიხედვით, რა საჭიროებაც გამოიკვეთება.
კოვდგადატანილების სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებით მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს გარკვეული მოდელი, თუ რა შეიძლება გადაწყდეს ათვლის მომენტად, რომ მათ აქვთ გადატანილი ან რა რაოდენობის ანტისხეულები შეიძლება, მივიჩნიოთ იმ ანტისხეულების რაოდენობად, როდესაც მათ არანაირი რისკი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ჩვენ დაველოდოთ იმ ინფორმაციას, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოიპოვებს, ასევე ის ექსპერტები, რომლებიც ჩვენთან ერთად თანამშრომლობენ. თუ მათი მხრიდან იქნება გარკვეული რეგულაციები და ასევე ნიშნული, რაც შეიძლება განისაზღვროს ამ პასპორტის მინიჭების საშუალებად, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.