საქართველოს მთავრობამ „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021 – 2025“ დაამტკიცა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სტრატეგია მიზნად ისახავს წინა წლებში შემუშავებული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების და მიზნების გამყარებას, გაძლიერებას, განგრძობით და მდგრად განხორციელებას.
სტრატეგიის მიზანია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული არაგადამდები დაავადებებით ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირების ხელშეწყობა 2030 წლისთვის თამბაქოს მოხმარების 15%-მდე და თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების 5%-მდე შემცირებით.
აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად დასახულია შემდეგი თვლადი სამიზნეები:
არასრულწლოვნებში მოწევის გავრცელების ყოველწლიურად 1%-ით შემცირება;
მოზრდილებში მოწევის გავრცელების ყოველწლიურად 2%-ით შემცირება;
2025 წლისთვის სახლის პირობებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება ბავშვებში 10%-ით და მოზრდილებში 5%-ით.
„თამბაქოს კონტროლი არის მრავალკომპონენტიანი სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი და დასახული მიზნის ‒ თამბაქოთი გამოწვეული ავადობისა და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირების მისაღწევად აუცილებელია უწყებათაშორის, ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეებზე თანამშრომლობის უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა,“ – ნათქვამია დოკუმენტში.
თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია ემყარება შემდეგ პრინციპებს:
I. თამბაქოს არამარტო ჯანმრთელობის, არამედ განვითარების პრობლემად აღიარება;
II. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება, უზრუნველყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო;
III. არამწეველობის ნორმად აღიარება და თამბაქოს მეორადი და მესამეული კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცულობაზე თითოეული მოქალაქის უფლების ცნობა;
IV. თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმზე მოთხოვნის და ამ ნაწარმის ხელმისაწვდომობის შემცირება;
V. თამბაქოს და მისი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს სხვა ახალი და აღმოცენებადი პროდუქტის კონტროლის პოლიტიკის შემუშავებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა და თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის დაუშვებლობა;
VI. თამბაქოს და მისი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს სხვა ახალი და აღმოცენებადი პროდუქტის ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტად აღიარება და მოსახლეობის ინფორმირება მათ შესახებ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღემდე გამოწვევად რჩება თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების სერვისების განვითარება.
„სტრატეგიის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება, რომ თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან აღსრულებული იყოს თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის ტესტირების, გაზომვის და რეგულაციის კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების ადეკვატური შესრულება. უზრუნველყოფილი იქნება თამბაქოს პროდუქტებსა და მათ გამონაბოლქვში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამჟღავნება. გაძლიერდება კანონმდებლობა თამბაქოს პროდუქტებზე ჯანმრთელობის გაფრთხილებების დატანის შესახებ და ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის გამაფრთხილებელი ნიშნების მიერ თამბაქოს პროდუქტებზე დაკავებული ფართობის ზომა,“ – ნათქვამია სტრატეგიაში.
სტრატეგიის საპროგნოზო ბიუჯეტი 6.4 მლნ ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება 1 მლნ ლარი, დონორი ორგანიზაციების მიერ 4,9 მლნ ლარი, ხოლო 0,5 მლნ ლარი წარმოადგენს დეფიციტს.