მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მთავარი პრობლემა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდაა
ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მოსაზრებებით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდა სახელდება.

მთავარი პრობლემა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდაა

„ექსპერტებისა და სპეციალისტების მოსაზრებებით, ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად „C” ჰეპატიტის პროგრამა დასახელდა“,

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ განაგრძობს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და „ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრში“ მონაწილე სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით ბარომეტრის მეხუთე ტალღის შედეგებს ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ ტალღის აქცენტები ისეთ საკითხებზე გაკეთდა, როგორიცაა: მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე, სამედიცინო მომსახურების მოხმარების ტენდენციები, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ტვირთი და კერძო სამედიცინო დაზღვევის პერსპექტივები და სხვა.

„ბარომეტრის მეოთხე და მეხუთე ტალღების მონაცემთა ანალიზის მიხედვით, რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედება ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან ექსპერტთა მოსაზრებებით მნიშვნელოვნად შემცირდა მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება.

საინტერესოა, რომ 2015 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებით, კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ დროისთვის შეადგენს 522,637 დაზღვეულს. რამაც მოსალოდნელია, რომ შეამციროს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ტვირთი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც პროგრამის მნიშვნელოვანი პოზიტივია;

გაზრდილია ასევე ჰოსპიტალური სერვისების მოხმარებაც, განსაკუთრებით კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების მოხმარების მაჩვენებელი (314%-ით), რაც ბადებს ლოგიკურ კითხვას: გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ზრდა ხომ არ არის საავადმყოფოების ხელოვნური პასუხი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და ხომ არ შეუქმნის პრობლემებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს, რომელიც უკვე გადახარჯულია?

ბარომეტრის მესამე ტალღიდან (ივნისი, 2014წ) დღემდე, ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მოსაზრებებით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდა სახელდება.

მედიკამენებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემებს ასევე ხაზს უსვამს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული „ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014“, სადაც ნათქვამია, რომ ჯიბიდან გადახდები მედიკამენტებზე გაიზარდა და განსაკუთრებით მოსახლეობის უღარიბეს ფენებში.

სავარაუდოა, რომ ღარიბებს შორის მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების ზრდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე მოხდა.

დაბოლოს, ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დახარჯულია 14%-ით, ანუ 32 მილიონი ლარით მეტი. აღნიშნული, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ჯანდაცვის სერვისების მაღალი უტილიზაციით და განსაკუთრებით გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის სწრაფი ზრდის ტემპით“, – ნათქვამია ფონდ „კურაციოს“ ანგარიშში.

liberali.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …