2022-2025 წლებისთვის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის საავადმყოფოების შერჩევის კრიტერიუმები იქნება კლინიკის მრავალპროფილური საქმიანობა და მომსახურების ხარისხი.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის ასოციაცია ავრცელებს, რომლის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში ერთი კვირის წინ შეხვედრა გამართეს.
სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს შერჩევის კონცეფცია – პრინციპები და კრიტერიუმები გააცნეს. საპასუხოდ, ჯანდაცვის ასოციაციამ კონცეფციის შესახებ საკუთარი მოსაზრებები სამინისტროს წარუდგინეს.
შეგახსენებთ, რომ “სელექტიური კონტრაქტირება” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი საავადმყოფოების შერჩევას გულისხმობს.
ასოციაციის წევრები აცხადებენ, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ ყველა იმ ინიციატივას, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტის უფლებების დაცვას და საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვას შეუწყობს ხელს.
“სელექტიური კონტრაქტირება” უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელსაც მასშტაბურ რეფორმად მოვიაზრებთ. ეს საკითხი მრავალმხრივ გააზრებას და ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს. ამ რეფორმას წინ უნდა უძღვოდეს გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფების ინდექსაცია, ტარიფების ფორმულის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კერძო სადაზღვევო პაკეტების მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და სხვა.
ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლები მზად არიან, აქტიური მონაწილეობა მიიღონ რეფორმის ყველა ეტაპზე,“- აცხადებენ ასოციაციაში.
შეგახსენებთ, რომ სელექტიური კონტრაქტირება საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა და პირველ ეტაპზე სამშობიაროებს შეეხო. მისი პრინციპი ასეთია: სელექტიური კონტრაქტირება ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კლინიკის ჩართვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლინიკაში წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე (სერვისების სირთულის მიხედვით). პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდა, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.