1-ლი ივლისიდან საქართველოში „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ძირითადი ნაწილი შედის ძალაში. რეგულაციით სათამაშოების რეალიზატორებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ.
ერთერთი პრობლემა, რომელიც სათამაშოების ბაზარზე კონტროლის არარსებობას უკავშირდება, საქართველოში მცხოვრები ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობაა. სპეციალისტების თქმით, ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის ერთერთი გზა სწორედ უხარისხო სათამაშოებია.
2018 წელს, დაავადებათა კონტროლის სამსახურისა და იუნისეფის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის თანახმად, 2-დან 7 წლამდე ბავშვების 41%-ის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა ნორმაზე მეტია. მათგან 16 შემთხვევაში მატება მნიშვნელოვანია. სათამაშოების ხარისხზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებას სპეციალისტები წლებია ითხოვენ. მათ შორისაა იაშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე, რომლის განცხადებითაც, მექანიკური დაზიანებების გარდა, საეჭვო ხარისხის სათამაშოები ბავშვის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის ერთ ერთ ერთი წყაროცაა.
მისი განმარტებით, ტყვია ძირითადად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, გონებრივ და მეტყველების განვითარებაზე.
„ასევე ძალიან დიდია ტყვიის ზემოქმედება სხვადასხვა ორგანოებზე და სისტემებზე. მაგალითად : საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, როდესაც ვლაპარაკობთ ტყვიის ქრონიკულ ზემოქმედებაზე, უნდა გავითვალისწინოთ მუცლის ტკივილის, პერიოდული ღებინების , წონაში დაკლების, ყაბზობის შესაძლებლობა. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვები რომლებიც ძილს უჩივიან , ძილის დარღვევა,“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის სხვადასხვა წყარო არსებობს. ესენია: ტყვიის შემცველი საღებავებით დაფარული საგნები, ნიადაგი, მტვერი.
2020 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში, თუ ტყვიის შემცველობა მინიმუმ, დეცილიტრზე 5 მიკროგრამი დაფიქსირდება, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ბავშვის მკურნალობას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ასევე მისი ოჯახის წევრების – 18 წლამდე ასაკის მოზარდებისა და ორსულების გამოკვლევას და მკურნალობას.
რაც შეეხება 1-ლი ივლისიდან ასამოქმედებელ რეგულაციებს, ძალაში შედის „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ძირითადი ნაწილი. რეგულაციით სათამაშოების რეალიზატორებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ.
საქართველოს ბაზარზე პირველად განთავსებული ყველა სათამაშოს მიმართ განსაზღვრულია უსაფრთხოების ერთნაირი ნორმები. მათ შორის ჩამოთვლილია ის ალერგიული ნივთიერებები, რომლებსაც არ უნდა შეიცავდეს სათამაშო. ასევე მოთხოვნებია წაყენებული სათამაშოს აალებადობის, ქიმიური, თვისებების მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სათამაშოს უსაფრთხო გამოყენების შესახებ ინსტრუქცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზეც.
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, მეორადი სათამაშოს რეალიზატორი ვალდებულია წარადგინოს მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია თუ რომელი ქვეყნიდან არის გამოგზავნილი სათამაშო.
„მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტით უდა დადასტურდეს, რომ სათამაშო გათვლილი იყო ერთ-ერთ იმ განვითარებული ინფრასტრუქტურის ქვეყანაში რეალიზაციისთვის, რომელიც განსაზღვრულია 50-ე დადგენილებით. 50-ე დადგენილებაში ჩამოთვლილია განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნები. ანუ ის ქვეყნები, რომლებსაც განვითარებული აქვს აკრედიტაციისა და სერთიფიკაციის სისტემა. ეს სია მოიცავს დაახლოებით 37 ქვეყანას, რომელშიც შედის ევროკავშირის ქვეყნები, ასევე აშშ და კანადა. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან თუ შემოდის სათამაშო და პირველადი რეალიზაცია განხორციელდა ამ ქვეყნებში, ეს სათამაშო ჩაითვლება საქართველოსთვის მისაღებად. თუ რა თქმა უნდა, მას მოჰყვა სატრანსპორტო და მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“ – განმარტა რატი ობოლაძემ.
მისივე თქმით, რეგლამენტი ასევე მოიცავს ვალდებულებას, რომ მეორეული სათამაშოს იმპორტიორმა და რეალიზატორმა თავადვე უზრუნველყონ სათამაშოების უსაფრთხოება.
სათამაშოების ეტიკეტირების წესის დარღვევებზე, ასევე მექანიკური და ქიმიური თვისებების შეუსაბამობებზე სანქციები ამოქმედდება – მათ შორის პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, პროდუქტის განადგურება. ბიზნესოპერატორს, ამ სანქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფულადი ჯარიმა დაეკისრება. რომელიც 500 ლარიდან 7000 ლარამდე იქნება, ჯარიმის ზუსტ ოდენობას კი სასამართლო განსზაღვრავს.
სათამაშოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საქართველოში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა მისი ამოქმედება ბიზნესის მოთხოვნით 1-ელ ივლისამდე გადაავადა.
ვიდრე საქართველოში ბავშვებს ჯერ კიდევ ტყვიით დაბინძურებულ ნივთებთან უწევთ ცხოვრება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს პრევენციის მარტივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. რეკომენდაციები მარტივია – რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ სათამაშოები; რეგულარულად დაასუფთავეთ ოთახები სველი წესით; ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს შვილს ხელი არ მიუწვდებოდეს კოსმეტიკურ საშუალებებთან, მოარიდეთ ისინი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების არეალს და ნიადაგთან კონტაქტს, არ მოწიოთ სიგარეტი ბავშვების თანდასწრებით. კიდევ ერთი რეკომენდაციაა, ბავშვმა მიიღოს რკინით, კალციუმითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები.