მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება მცირდება – მიზეზი პანდემიის აქტიური ფაზის დასრულებაა

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება მცირდება – მიზეზი პანდემიის აქტიური ფაზის დასრულებაა

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 798,7 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 771.1 მლნ ლარით. ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებები:

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება;

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება;

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით;

გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;

დევნილთა სახლების უზრუნველყოფის კუთხით იწყება 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 250,0 მლნ ლარზე მეტი.

რაც შეეხება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ნაწილს, 2023  წლის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე განსაზღვრულია 1 499.1 მლნ ლარი, 2022 წელს კი იგივე მაჩვენებელი 1 733.9 მლნ ლარი იყო. შესაბამისად, შემცირება 235 მილიონამდე ლარია.

განმარტებით ბარათში მიზეზებზე არაა საუბარი, თუმცა აღნიშნული ცვლილება, დიდი ალბათობით, კორონავირუსის აქტიური ფაზის გადავლას და ამ მიმართულებით საჭიროებების შემცირებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ეს ნაწილი 2021 წელთან შედარებით 2022 წელსაც შემცირდა (276.6 მილიონით). მაშინ ითქვა, რომ შემცირება დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების საპროგნოზო მოცულობების შემცირებით.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება – 850,0 მლნ ლარი, ხოლო ახალი კორონავირუსული დაავადების  – COVID 19-ის მართვისთვის გამოყოფილია 120,0 მლნ ლარი, მათ შორის 55,0 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი რესურსის ფარგლებში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის (ძირითადად ინფექციური საავადმყოფოს აღჭურვა);

პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასწრაფოს დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა;

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვაზე გამოყოფილია 42,1 მილიონი.

სექტემბრის ბოლოს, „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მას ძალიან დაწყდა გული, როდესაც 2022 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი შეამცირეს

„მთელი მსოფლიო საუბრობს დღეს მზადყოფნაზე. ნახეთ, თეთრი სახლის მზადყოფნის გეგმა როგორია, ჯანმოს გეგმა, ბილ გეითსის ბოლო წიგნი და წინადადებები, დიდი შვიდეულისა და ოცეულის რეკომენდაციები. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ასეთი დიდი აფეთქებები იქნება. გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ბაქტერიებისა და განსაკუთრებით ვირუსების მუტაციას. მზადყოფნა მუდმივად უნდა იყოს. ძალიან დამწყდა გული, როდესაც 2022 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 2021 წელთან შედარებით შეამცირეს. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ჯანდაცვის ბიუჯეტი გააორმაგა. ჯანდაცვა იქცა პოლიტიკურ პრიორიტეტად, საყოველთაო ჯანდაცვით შვება იგრძნო ხალხმა, რაც ბიუჯეტის გაზრდით მოხერხდა. გასულ წელს ბიუჯეტიდან თითქმის 4%-მდე დაიხარჯა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ჯანდაცვაზე. ზოგადად ჩვენნაირი ქვეყნისთვის 5-6% მაინც უნდა იყოს საზოგადოებრივი დანახარჯი ჯანდაცვაზე მშპ-თან მიმართებაში, რაც ბიუჯეტის 12-15% არის ხოლმე, ამისკენ მივდიოდით. 2021 პირველი წელი იყო ისტორიაში, როცა საზოგადოებრივმა დანახარჯმა ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში გადააჭარბა ჯიბიდან ამოღებულს (კერძო დანახარჯს). გასაგებია, ეს კოვიდის ხარჯზე იყო, მაგრამ ამის შემცირება არ შეიძლებოდა, ისევე როგორც არ უნდა მოხსნოდა დანამატი სამედიცინო პერსონალს. გასაგებია, 2022 წელს კოვიდის მიმდინარეობა უმჯებესდებოდა, მაგრამ ეს ფული ჯანდაცვის სხვა საკითხებზე უნდა დახარჯულიყო. ეს გავაჟღერე საკოორდინაციო საბჭოზე, რომ ნუ შევამცირებთ ჯანდაცვის ბიუჯეტს, სწორი გზით მივდივართ, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც შემცირდა. დღეს ჯანდაცვას სჭირდება დაფინანსების მატება. სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით ფინანსისტებთან. თუ გვინდა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა იყოს გამართული, ყველას მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვის სერვისებზე, დაფინანსება უნდა გაიზარდოს და ის უკიდურესი მიზნობრიობით დაიხარჯოს (სელექტიური კონტრაქტირება). კორონავირუსის გარდა, ყოველივე ამასთან დაკავშირებით, მე ახალ მინისტრს დაახლოებით 15 პუნქტი ჩემი ხედვისა წარვუდგინე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …