თბილისი (BPI) – ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა შეაფასა კლინიკა „ლოკუსის“ კარდიოლოგმა ნონა ავსაჯანიშვილმა. ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის პირველად რგოლს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დაავადებათა პრევენციაში და მისი წინ წამოწევა არ იქნება ურიგო.
,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმას დადებითად შევაფასებდი, რამდენადაც ჯანდაცვის პირველად რგოლს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დაავადებათა გამოვლენასა და პრევენციაში. ამ მიმართულების წინ წამოწევა არ იქნება ურიგო. პირველადი ჯანდაცვა იმაზე მეტ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს, ვიდრე ახლა აქვს დათმობილი’’.
ნონა ავსაჯანიშვილმა ასევე ისაუბრა იმ საკითხებზეც, რომლის გამოსწორებაც სასიკეთოდ წაადგება რეფორმას.
,,პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის პირველ რიგში აუცილებელია, რომ ინსტრუმენტული ლაბორატორია იყოს მაღალ დონეზე. ასევე მოსახლეობაში უნდა ამაღლდეს კლინიკებისადმე მიმართვის კულტურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე მნიშვნელოვანია ექიმების კვალიფიკაციის დონე. პირველადი ჯანდაცვა ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო სფეროა, რაც საშუალოზე მაღალ გამოცდილებასა და ცოდნას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ექიმებისთვის გადამზადების კურსების ჩატარება და მათი სხვადასსხვა მიმართულებით დატრენინგება აუცილებლად მიმაჩნია, – აცხადებს ავსაჯანიშვილი.
მედიკოსმა რეფორმის ხარჯეფექტურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ შემცირდება სტაციონარიზაციის რიცხვი, სახელმწიფოსაც ნაკლები ხარჯის გაწევა მოუხდება.
,,იმის გათვალისწინებით, რომ ბაზისს ქმნის პირველადი სამედიცინო რგოლი, ეს ერთი–ორად ამაღლებს რეფორმის განვითარების მნიშვნელობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოსახლეობის კულტურის დონის ამაღლებაა დაავადებათა პრევენციის მიზნით.
უმეტეს შემთხვევებში ხდება დაგვიანებული მიმართვა, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, რაც მოგეხსენებათ საკმაოდ ძვირი ჯდება. იქიდან გამომდინარე, რომ სტაციონარული მომსახურების დაფინანსება სახელმწიფოს აკისრია, მისთვის დაგვიანებული მკურნალობისთვის გასაწევი ხარჯების ერთობლიობა საკმაოდ დიდ ციფრს იძლევა.
აქედან გამომდინარე, თუ შემცირდება სტაციონარიზაციის რაოდენობა, სახელმწიფოსაც ნაკლები ხარჯის გაწევა მოუხდება, რაც საბოლოო ჯამში ნამდვილად მოგვცემს მისაღებ ხარჯეფექტურობას’’, განაცხადა ავსაჯანიშვილმა.
მანვე მოკლედ შეაფასა საყოველთაო პროგრამაც. მისი აზრით, არაა აუცილებელი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანი ერთნაირად ფინანსდებოდეს.
,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, როგორც ყველას, მეც ძალიან მომწონს, მაგრამ რაც შეეხება შუამავალ სადაზღვეო რგოლს, აბსოლუტურად ზედმეტია და ჭარბი ხარჯია სახელმწიფოსთვის.
საყოველთაო ჯანდაცვა უფრო ეფექტიანი იქნებოდა რამდენიმე უფასო კლინიკის არსებობის შემთხვევაში. სახელმწიფოს უხდება ძალიან დიდი თანხის გადახდა ამ შუამავალი რგოლის შესანახად. ჩემი აზრით, არაა აუცილებელი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანი ერთნაირად ფინანსდებოდეს.
არსებობს ადამიანების ნაწილი, რომლებსაც საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვთ, ასეთ ადამიანებს ხელფასიდან უნდა ეჭრებოდეთ გარკვეული თანხა, რომელიც მოხმარდება შემდგომ მათი ჯანმრთელობის დაზღვევას. მხოლოდ ისეთი ადამიანები უნდა იღებდნენ დიდ დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობის დაბალ ან საშუალო ფენას“, – მიაჩნია მედიკოსს.