სამართლიანია თუ არა „დიარჯის“ სისტემის ის პრინციპი, რომლის თანახმად, თუ პაციენტს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულის გარდა, სხვა სერვისების ან სახარჯი მასალის მიღება სურს, მან კონკრეტულ ჩარევასთან დაკავშირებული ყველა სხვა დანარჩენი სერვისის ღირებულებაც თავად უნდა დაფაროს?
აღნიშნული ცვლილება კლინიკების დაფინანსების ახალი წესის, „დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ, 1 ნოემბრიდან, შევიდა ძალაში.
შესაბამისად, თუ ადრე მაგალითად კარდიოლოგიურ პაციენტს შეეძლო, კონკრეტული წარმოების სტენტი მოეთხოვა და ამაში დამატებითი თანხა გადაეხადა, ხოლო ოპერაციის დანარჩენ ნაწილს საყოველთაო ჯანდაცვა უფინანსებდა, ახლა იმისთვის, რომ მისთვის სასურველი სტენტი ჩაუდგან, მან მთლიანად უნდა დატოვოს „საყოველთაო“ და ოპერაციის თანხა (მასალების ჩათვლით) თავად გადაიხადოს. პაციენტების ნაწილი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ოპერაციების ჩატარებას გეგმავს, ამ ცვლილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ამბობს, რომ ეს მიდგომა სამართლიანია, რადგან ის სერვისი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, არის კარგი ხარისხის და თუ რომელიმე პაციენტს სჭირდება ვიპ-მომსახურება, კლინიკა, ოთახი თუ სახარჯი მასალა, შეუძლია ერთჯერადად გაეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა ამ ჩარევასთან დაკავშირებით ნული ლარია.
ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ასევე მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა სამართლიანია, რადგან სახელმწიფო პაციენტს სთავაზობს ჯანმოს მიერ დამტკიცებულ და ლიცენზირებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სახარჯ მასალას და სერვისს, ხოლო თუ პაციენტს მაინც სურს განსაკუთრებული მომსახურებით ან მასალით სარგებლობა, ლოგიკურია, რომ სახელმწიფომ მას ამ შემთხვევაში არ დაუფინანსოს ეს ჩარევა.
„თუ ექიმი პაციენტს ეუბნება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გათვალისწინებული სახარჯი მასალა უხარისხოა, ეს ექიმის გადაცდომა და არაკეთილსინდისიერი საქციელია. სახელმწიფო აფინანსებს იმ სახარჯ მასალას, რომელიც ლიცენზირებულია და აღიარებულია საერთაშორისო სტანდარტებით. თუმცა მე მესმის და ბიზნესის კუთხით სავსებით ლოგიკურია, როდესაც კლინიკა პაციენტს უფრო მაღალი ხარისხის ან დამატებით მომსახურებებს სთავაზობს, უბრალოდ, ამის შეთავაზება უნდა მოხდეს რეალური ინფორმაციის საფუძველზე და არა იმის მტკიცებით, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მასალები უხარისხოა. არის შემთხვევები, როდესაც ექიმები პაციენტებს ეუბნებიან, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მასალები იმდენად უხარისხოა, რომ მათ ისინი საერთოდ არ იყენებენ. ეს მიუღებელი და პაციენტის ინტერესების დამაზიანებელია, რადგან, როგორც აღვნიშნე, პაციენტს უნდა ჰქონდეს რეალური ინფორმაცია – რა სტანდარტის მასალას უფინანსებს სახელმწიფო, და მხოლოდ ამ რეალური ინფორმაციის მიღების შემდეგ გააკეთოს არჩევანი. ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტროს ვურჩევდი, გაააქტიუროს საინფორმაციო კამპანია, რათა მოქალაქეებს რეალური ინფორმაცია ჰქონდეთ და მხოლოდ კლინიკების მიერ მიწოდებული ინფორმაციის „ამარა“ არ იყვნენ,“- აცხადებს ბაირახტარი.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.
მთავარი პოზიტიური შედეგი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ ელოდება, პაციენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკის აღმოფხვრაა. სწორედ ამ მიზნით შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად კლინიკა პაციენტს ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა ვიპ-პალატა, აყვანილი ექიმი, გარკვეული სახარჯი მასალა და ა.შ. – დამატებით თანხას ვეღარ მოსთხოვს. ხოლო თუ პაციენტს ამ სერვისების მიღება სურს, შეუძლია, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელსაც ამ სერვისის მიღებისთანავე, მოცდის პერიოდის გარეშე დაუბრუნდება.