მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მინისტრის მოადგილე კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლას სექტემბრიდან აანონსებს

მინისტრის მოადგილე კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლას სექტემბრიდან აანონსებს

სექტემბრის დასაწყისიდან კლინიკების დაფინანსების „დიარჯი“ მეთოდზე ეტაპობრივად გადასვლა სავსებით რეალისტურია – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა გააკეთა.

მისი თქმით, დიარჯიზე გადასვლა 2 და 3 თვეში შეუძლებელია, თუმცა მასზე მუშაობა 2022 წლის დასაწყისში არ დაწყებულა, 2017 წლიდან დაიწყო და პროცესი პანდემიის გამო შეჩერდა. შესაბამისად, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, პროცესი 3-4 თვის წინ გაგრძელდა და რადგან სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, სექტემბრიდან მისი დანერგვა შესაძლებელია. ამასთან, ღუდუშაურის თქმით,  კლინიკებს ძირითადი პრობლემები 520-ე დადგენილებასთან აქვს, რომელსაც ისინი მიღების პერიოდშივე, 2019 წელში პრობლემურად მიიჩნევდნენ, რადგან ტარიფები არაადეკვატური იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმ პირობებზე საუბრობს, რომლითაც სამინისტრო მზადაა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკები ინდექსირებული ტარიფებით დააფინანსოს.

„ვიცით, რომ კლინიკებს პრობლემები აქვთ.  გვაქვს შეხვედრები მათთან და შევჯერდით შემდეგ მეთოდოლოგიაზე: სამინისტრო მუშაობს რეანიმაციის სტანდარტის შემუშავებაზე, რომლის მიხედვითაც მომსახურების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. არის ხარისხობრივი და ინფრასტრუქტურული მოთხოვნები. სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ასოციაციებთან და კლინიკებთან ერთად გავდივართ მუხლებს, რომ შეჯერებულ პოზიციაზე მივიდეთ. მოლოდინია, რომ უახლოეს კვირებში ეს სტანდარტი დაინერგება და შევთანხმდებით.  თუ კლინიკებ დანერგავენ ამ ახალ სტანდარტს და რეგულირების სააგენტო დაუდასტურებს ამ სტანდარტებთან შესაბამისობას, პარალელურ რეჟიმში შეეძლებათ ინდექსირებული, განახლებული ტარიფებით მიიღონ ანაზღაურება.

ინდექსაციის კონკრეტული თარიღი სამინისტროს მხრიდან არ გაჟღერებულა, თუმცა დიდი ალბათობით ივლისში რეანიმაციის განახლებული სტანდარტი გამოქვეყნდება და როცა შეძლებენ, ამ განახლებული სტანდარტით გაუწიონ სერვისი პაციენტებს, შეეძლებათ ინდექსირებული ტარიფით ისარგებლონ,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

520-ე დადგენილება, რომელიც  სახელმწიფო  პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს,  ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა კი განაცხადა, რომ კლინიკების დაფინანსება დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე, დიარჯი- სისტემაზე გადავა, თუმცა მანამდე განიხილება საკითხი, რომ იმ კლინიკებს, რომლებიც რეანიმაციის ახალ სტანდარტს დააკმაყოფილებენ, რეანიმაციის სერვისებზე ტარიფები გაუზარდონ.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …