მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მინისტრის განცხადებით, კოვიდკლინიკების ნაწილის საქმეები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა

მინისტრის განცხადებით, კოვიდკლინიკების ნაწილის საქმეები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა

კოვიდკლინიკების ნაწილის საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, გამოიკვეთა თუ არა კოვიდკლინიკები, რომლებმაც სახელმწიფოს თანხები უნდა დაუბრუნონ, მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს რამდენიმე კლინიკის მონაცემის დამუშავება, უკვე შესწავლილ კლინიკებს შორის კი დარღვევები საკმაოდ მოცულობითია.

„ჯერ კიდევ მიდის რამდენიმე კლინიკის მონაცემების დამუშავება. ჩვენ რა ნაწილიც გავიარეთ, ეს არის მხოლოდ მკურნალობის და დიაგნოსტიკის და მედიკამენტების ნაწილი. აქ კიდევ იყო საწოლფონდი და ა.შ. საკმაოდ მოცულობითია ის დარღვევები, რასაც ვხედავთ. გარკვეული კლინიკები გადაეცემა სამართალდამცავ  ორგანოებს და მათი მხრიდან მოხდება მათი გასაჯაროება იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან ამის გასაჯაროება  ამ ეტაპზე ვფიქრობ, არ იქნება მართებული. ჯობია, რასაც ჩვენ საეჭვოდ და პრობლემურად ვთვლით, ამას რომ გადავაგზავნით, თავად ისინი გააკეთებენ განმარტებას,“ – განაცხადა აზარაშვილმა.

კითხვაზე, ბევრია თუ არა ასეთი კლინიკა, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ბევრია.

კოვიდკლინიკების შემოწმების საკითხი ერთერთი რეზონანსული თემაა, რომელზეც ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ხანში განაცხადა. მან დანაშაული უწოდა იმ ფაქტს, როცა კლინიკები ექთნებსა და ექიმებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ დანამატებს არ აძლევდნენ, დირექტორები და მათი მოადგილეები კი ხელფასებს 5-10-ჯერ იზრდიდნენ. მინისტრმა ასევე ისაუბრა კლინიკებში ინფექციის კონტროლის დარღვევის შესახებაც.

„ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით, როცა გვექნება საერთო სურათი, გპირდებით, კონკრეტული კლინიკის დასახელებებს, სად რა პრობლემაა ინფექციის კონტროლის, მკურნალობის პროტოკოლის შეუსრულებლობის კუთხით, ფინანსური დარღვევების კუთხით, აუცილებლად გაცნობებთ. დანაშაულს თუ ვინმე სჩადიოდა, აუცილებლად გამოიკვეთება მათი პასუხისმგებლობის საკითხი და მათი პასუხისმგებლობაც დადგება. შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე, კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და ამ გზით კლინიკები შოულობდნენ ფულს“, – აღნიშნა აზარაშვილმა აპრილის ბოლოს, ჟურნალისტებთან საუბარში.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …